ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
არაადამიანური მოპყრობაა, როგორც პატიმრებს ექცევით! არ გაქვთ ამის უფლება! შსს არღვევს კანონს, როცა არ მკურნალობს პატიმრებს. გიჩივლებთ ყველგან! ახლავე გამოუშვით ის ხალხი, ახლავე!!! თქვენ მათ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებთ და თან ყველა პატიმარი უკანონოდ გიზით! გადაგაყოლებთ მაგ ხალხს!!!
აღნიშნული პოსტით ბაია პატარაია „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარ ირაკლი ხვადაგიანს გამოეხმაურა, რომელიც 20 ივნისის აქციის დაშლისას პოლიციელებმა სცემეს. ირაკლი ხვადაგიანი სხვა პირებთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.
“არავინ იცის აქციის დარბევისას ნაცემ ხალხს რა რეალური დაზიანებები და მისგან გამოწვეული პროცესები აქვთ ამ წუთას”,- ამის შესახებ ირაკლი ხვადაგიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველას ვინც ამ დღეების მანძილზე გვგულშემატკივრობდა იზოლატორებში გაგზავნილ პატიმრებს!
რადგან თვალის ბუდის შიდა მოტეხილობები აღმომჩნდა და შეიძლება საოპერაციოც გავხდე (თუ გართულდა), ამ 2 კვირის განმავლობაში აკრძალული მაქვს მონიტორთან ჯდომა, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა და ნაკლები დამატებითი სტრესები; დიდი ბოდიში ყველას, რომ ინდივიდუალურად ვერ გეხმიანებით და მადლობას ვერ გეუბნებით.
სოლიდარობა იზოლატორში დარჩენილ ყველა პატიმრებს! მათი უმრავლესობა ძალიან ახალგაზრდაა ამ გამოცდილებისათვის – რომ უსამართლო გადაწყვეტილებების შედეგად 2 კვირამდე მანიც გამოკეტილმა გაატაროს. ყველა მათგანს სჭირდება სოლიდარობა, ხმის მიწვდენა, თანაგრძნობა. აპელაცია ალბათ დაპატიმრებულების უმრავლესობას არ მოუთხოვია და იმედია სამოქალაქო პროტესტი მათ მასობრივ ამნისტიას მიაღწევს ძალიან სწრაფად! ყველა მათგანს დასჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება და რეაბილიტაცია გათავისუფლების შემდეგ, ასევე ამ მომენტშივე სისტემის იძულება რომ მოხდეს ყველას სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება – ისევე როგორც მე 3 დღე ტვინის მსუბუქი შერყევით და შიდა მოტეხილობებით ვიჯექი იქ, არავინ იცის აქციის დარბევისას ნაცემ ხალხს რა რეალური დაზიანებები და მისგან გამოწვეული პროცესები აქვთ ამ წუთას!-წერს ირაკლი ხვადაგიანი.
https://www.facebook.com/irakli.khvadagiani.7/posts/10214955824511519
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამი მოქალაქე, ირაკლი ხვადაგიანი, ცოტნე ცხვედიანი და იოსებ თხელიძე სამართალდამრღვევებად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან მურუსიძემ მიიღო. სამივე მათგანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
სანამ მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებდა, ირაკლი ხვადაგიანმა განაცხადა: “პატიმრობა მირჩევნია, ვიდრე გათავისუფლების ფურცელზე ლევან მურუსიძის გვარი”- განაცხადა ხვადაგიანმა.
20 ივნისს აქციაზე 305 ადმინისტაციული წესით დაკავებულიდან ადმინისტრაციული პატიმრობა 21 ივნისს 121 პირს შეეფარდა.