ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება.
„მოგეხსენებათ, სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია, რომელიც 2018 წელს განისაზღვრა. ეს ინფლაციის ის მაჩვენებელია, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში უნდა იქნეს მიღწეული და რომლისკენ წასვლაც არის დაგეგმილი.
ზოგადად, საკმაოდ გაურკვეველი სიტუაცია ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდიდან არსებობს, გაურკვევლობა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააღრმავა. მიგრაციამ, რომელიც საქართველოში განხორციელდა მოთხოვნა გაზარდა, რუსეთიდან გაიზარდა გადმორიცხვები, ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი იყო, ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა ხელი შეუწყო ლარის კურსის გამყარებას, რაც იმპორტირებული ინფლაციის შემცირებას ეხმარება. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ 2023 წლის მეორე ნახევარში უნდა დაუახლოვდეს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 10.6% შეადგინა.