სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.7 მილიონი შემოსვლა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 19.4 პროცენტით მეტია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 42.5 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.3 მილიონი შეადგინა, რაც 21.0 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 478.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.4 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა თურქეთი 21.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.9%-იანი წილით.
შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (571.4 ათასი), თურქეთის (498.9 ათასი) და სომხეთის (339.0 ათასი) მოქალაქეების მიერ.
„2023 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 4.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 7.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით 11.3 პროცენტით შემცირდა და 2 105.8 ლარი შეადგინა“, – წერია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.