საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების შესახებ 2023 წლის ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის თანახმად, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3% შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7%-ით განისაზღვრა.
2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამმუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებში.