„დღეს შევხვდი ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ზელენსკის კიევში უკრაინელი ხალხის ურყევი მხარდაჭერის საჩვენებლად“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი Twitter-ში წერს.
„ჩვენ ვადგენთ ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას უკრაინის ბრძოლისადმი რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ“, – აცხადებს ჯონსონი.
ცნობილი ხდება, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს გადასცემს.
“პუტინის ამაზრზენი მიზნები პრეზიდენტ ზელენსკის მტკიცე ლიდერობის, უკრაინელი ხალხის უძლეველი გმირობისა და გამბედაობის გამო იშლება”. – თქვა ბორის ჯონსონმა.
ჯონსონთან შეხვედრის ფოტოსურათები გაავრცელა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ის მიესალმა ბრიტანეთის პრემიერს უკრაინაში და აღნიშნა, რომ ჯონსონი არის უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე, რუსეთზე ზეწოლის და უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის ლიდერი.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.