“ინფიცირებული პაციენტები ორი მედიკამენტის – „პაქსლოვიდისა“ და „მოლნუპირავირის“ მიღებას ბინაზე მკურნალობის შემთხვევაშიც შეძლებენ,” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ასევე განიხილება „რემდესივირის“ გამოყენებას ბინაზე.
„ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი – „პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი“, რომელიც ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ერთ-ერთი პირველი იქნება საქართველო, რომელიც მათ მიიღებს, გამოყენებული იქნება მხოლოდ ბინაზე, დიაგნოზის დასმიდან 4 დღის განმავლობაში. ასევე განვიხილავთ მთავარი, დამრტყმელი მედიკამენტის – „რემდესივირის“ ბინაზე გამოყენებასაც, რომელსაც ახლა მხოლოდ კლინიკაში ვიყენებთ. ოღონდ ეს ძნელი იქნება ტაბლეტორებულთან შედარებით, რადგან ინტრავენური გადასხმაა. „რემდესივირის“ გამოყენებაც განიხილება სამი დღის განმავლობაში“, – განაცხადა ცერცვაძემ.
რაც შეეხება მედიკამენტების რაოდენობას, როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, ამ ეტაპზე საქართველოს მხოლოდ 40 ათასი ფლაკონი „რემდესივირი“ აქვს, რაც 7 ათასი პაციენტისთვისაა საკმარისი.
„ასევე, უკვე მიიღო სამინისტრომ „რემდესივირის“ დამატებითი, ძალიან სერიოზული პარტიის შემოსატანად ზომები, რომელიც ყველა ავადმყოფისთვის „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაშიც საკმარისი იქნება.„რემდესივირი“ სხვა მედიკამენტებთან შედარებით იაფია, 9 დოლარად ვყიდულობთ ერთ კოლოფს. ერთ პაციენტს კი 6 კოლოფი სჭირდება. „მერკის“ წამლის, „მოლნუპირავირის“ ფასს, რომელსაც ასევე მივიღებთ, ვერ გეტყვით“, – განაცხადა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძის ინფორმაცით, „პაქსლოვიდს“ საქართველო 2-3 კვირის ვადაში მიიღებს, ხოლო „მოლნუპირავირის“ უახლოეს კვირებში.
„ორივე მედიკამენტი მოქმედებს როგორც „დელტა“ შტამზე, ასევე ომიკრონზეც. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ „ომიკრონის“ მე-6 ტალღის უმკაცრეს გამოწვევას ღირსეულად შევხვდებით და შედარებით ნაკლები დანაკარგებით, ვიდრე ეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მოხდა“, – განაცხადა ცერცვაძემ.