მართალია, პანდემიამ ყველა სფეროს პრობლემა შეუქმნა, მაგრამ სხვებზე მეტად მაინც კინოინდუსტრია აზარალა, რადგან უამრავი ფილმის გადაღება შეჩერდა, უკვე გადაღებულის პრემიერა კი, დიდი ხნით გადაიდო. პროდიუსერების განცხადებით, ბევრად ნაყოფიერი იქნება 2022 წელი, როცა გადადებულ ფილმებთან ერთად რამდენიმე ახალი ნამუშევრის პრემიერაც შედგება.
„King’s Man: დასაწყისი“ (The King’s Man) – მეთიუ ვონის კომედიური ბოევიკის ყურადღების ცენტრში ამჯერად სუპერჯაშუშების საიდუმლო ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ჯაშუში, ოქსფორდის გრაფის შვილი – კონრადი აღმოჩნდა, რომლის მისიად საზარელ ტირანებსა და კრიმინალურ გენიოსებს შორის გაჩაღებული ომის შეჩერება იქცა.
„ყვირილი“ (Scream) – საკულტო ფილმების სერიის მეხუთე ნაწილში რეჟისორებმა მეთიუ ბეტინელიმ და ტაილერ ჯილეტმა მაყურებელს ახალგაზრდა ქალის ისტორია შესთავაზეს, რომელიც საზარელი მკვლელობების გამოსაძიებლად ბრუნდება მშობლიურ ქალაქში.
„შეუცნობელი“ (Uncharted) – რუბენ ფლეიშერის სათავგადასავლო ბოევიკი მარკ უოლბერგის, ტომ ჰოლანდის და ანტონიო ბანდერასის მონაწილეობით, მაყურებელს ცნობილი ვიდეოთამაშის Uncharted-ის მთავარი გმირის ნეითან დრეიკის წარმოშობის ისტორიას მოუთხრობს.
„სიკვდილი ნილოსზე“ (Death on the Nile) – აგატა კრისტის ცნობილი რომანის ეკრანიზება და გამოცდილი მაძებრის ერკიულ პუაროს განსახიერება ისევ კენეტ ბრენამ ითავა, რომელმაც ახალ ნამუშევარში ჯერ კიდევ 2017 წელს დადგმულ დეტექტივში „მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში“ დაწყებული ისტორიის თხრობა გააგრძელა.
„ბეტმენი“ (The Batman) – მეთ რივზის ფანტასტიკურ ბოევიკში მთავარი როლი ამჯერად რობერტ პატისონმა შეასრულა, რომელმაც კორუფციაში ჩაძირული გოთემის გადარჩენა გადაწყვიტა და ომი გამოუცხადა კრიმინალურ სამყაროს.
„ფანტასტიკური მხეცები: დამბლდორის საიდუმლო“ (Fantastic Beasts: The Secrets of Dumbledore) – სხვებზე მეტად ფილმის გამოსვლას, რომლის მოქმედება ალბუს დამბლდორის ახალგაზრდობის პერიოდში ვითარდება, „ჰარი პოტერის“ თაყვანისმცემლები ელიან. დევიდ იეტსის ახალ ნამუშევარში დამბლდორს ბევრად ძლიერ კონკურენტთან გრინ-დე-ვალდთან მოუწევს შერკინება, რომელიც მთელ სამყაროზე ცდილობს ძალაუფლების მოპოვებას.
„ქერათმიანი ადვოკატი 3“ (Legally Blonde 3) – 2000-იანი წლების დასაწყისის საკულტო კომედიის მესამე ნაწილის დადგმა ამჯერად ჯემი სუკმა ითავა, მთავარი როლი კი, ისევ რიზ უიზერსპუნმა შეასრულა, რომლის პერსონაჟი – მომხიბვლელი ელი ვუდსი მართალია, მსხვილ იურიდიულ კომპანიაში მუშაობს, მაგრამ მოულოდნელად კარგავს სამსახურს და გაუგებრობის გასარკვევად ვაშინგტონში მიემგზავრება.
„ადამიანი-ობობა: სამყაროს მიღმა 2“ (Spider-Man: Across the Spider-Verse 2) – ხოაკიმ დოს სანტოსის და კემპ პაუერსის ნამუშევარში, რომელიც პირველ რიგში შთამბეჭდავი ანიმაციით გამოირჩევა, Marvel Comics-ის პოპულარული პერსონაჟი მაილს მორალესი ამჯერად მულტისამყაროში მოგზაურობს, სადაც ადამიანი-ობობას მთელ ჯგუფს ხვდება პარალელური სამყაროებიდან.
„მინდა ვინმესთან ვიცეკვო“ (I Wanna Dance with Somebody) – მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმი უითნი ჰიუსტონზე, რომელმაც მუსიკოსის ცხოვრების პიკანტურ დეტალებზე მოუთხრო მაყურებელს კეისი ლემონსმა დადგა, სცენარზე „ბოჰემური რაფსოდიის” ავტორმა ენტონი მაკკარტენმა იმუშავა, თავად მუსიკოსი კი, ნაომი ეკმა განასახიერა.
„ავატარი 2“ (Avatar 2) – პირველმა ფილმმა, რომელიც ჯეიმს კამერონმა 2009 წელს დადგა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა კინოსამყაროში. იმავე შედეგის გამეორების იმედი აქვს რეჟისორს მეორე ფილმით, რომელშიც ნა’ვის ტომის წინამძღოლად ქცეული ჯეიკ სალის ისტორიას მოუთხრობს მაყურებელს.