ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაცემაში „პოსტ ალიონი“ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
თქვა, რომ სწავლა და ზოგადად, შემეცნების პროცესი მშობლებმა შეაყვარეს. მისივე თქმით, პრობლემური ბავშვი არ ყოფილა და ყოველთვის დიდი აქტიურობით გამოირჩეოდა.
თურნავას თქმით, მეუღლე უნივერსიტეტში გაიცნო, ოჯახი კი მეორე კურსზე შექმნა.
“მეორე კურსზე ვიყავი, როცა გავთხოვდი, მეყოლა ბავშვი და სწავლასა და ოჯახს ვუთავსებდი ერთმანეთს. ჩემი მეუღლე უნივერსიტეტში გავიცანი, თანმიმდევრული იყო ძალიან, ცოტა ხანში მივხვდი, რომ ყველა სხვა თაყვანისმცემელი ჩამომაცილა, თავის ირგვლივ კონკურენცია მოსპო.
ამ თავისი თანმიმდევრულობითა და მონდომებით მომხიბლა. ალბათ, მთლად კომფორტული მეუღლე არ ვარ, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის მანძილზე, რაც მთავრობის წევრი გავხდი. ჩემი მეუღლე ყოველ თვის მეხმარება, რომ გადავიტანო რთული მომენტები, ყოველთვის ჩემ მხარესაა და მხარში მიდგას. არასდროს დამისახავს მიზნად პოლიტიკაში ჩავრთულიყავი და უფრო პროფესიულ კარიერას ვაშენებდი“, – თქვა ნათია თურნავამ.
ამავე გადაცემაში, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სპორტის არაერთი სახეობითაა დაკავებული:
„ჰობი, როგორ გითხრათ, მიყვარს ყველაფერი, რაც ბუნებას, სუფთა ჰაერსა და სპორტულ აქტივობას უკავშირდება. წარსულ დროში უნდა ვთქვა, რადგან ბოლო 2 წელია მოწყვეტილი ვარ ამ სიამოვნებას, მაგრამ ადრე თუ გვიან დავუბრუნდები.
ცხენით ჯირითი ძალიან მიყვარდა, იპოდრომზე ყოველ დილით დავდიოდი. გადავწყვიტე სნოუბორდიც მეცადა, თხილამურები და ვსრიალებდი. ვერ გეტყვით, რომ ექსტრემალურ ვითარებაში ვსრიალებ, მაგრამ ჩემს ჭიას ვახარებ, თუ შეიძლება ასე ითქვას”,- ამბობს თურნავა.