“თუ ეს ციფრები შენარჩუნდება და არ იქნება მნიშვნელოვანი შემცირება, არც ერთი დახურული სივრცის თავისუფალ გამოყენებაზე ალბათ, არ იქნება საუბარი. სწავლის განახლება ყოველდღიურად 3-4 ათასი ინფიცირებულის ფონზე, რა თქმა უნდა, არ მგონია სწორი,” – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
ივანე ჩხაიძე: „დელტა ვარიანტი დღეს განიხილება ბოლო ასწლეულის განმავლობაში ყველაზე აგრესიულ რესპირაციულ ვირუსად”
როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით ქვეყანაში პედაგოგთა ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, ასევე ვერ ხერხდება ბავშვებიც ვაქცინაცია.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, პედაგოგების ვაქცინაციის დღევანდელი მაჩვენებელი 40-45 %-ია, რაც ნამდვილად დაბალია. ჩვენ ვერ ვახერხებთ ბავშვების ვაქცინაციას, ჯერჯერობით საქართველოში მხოლოდ 16-18 წლამდე ასაკის ბავშვებს ვცრით. 12-დან 15 წლამდე ასაკზე, რომელიც მომდევნო ასაკია, ჯერ კიდევ განხილვისა და მოლოდინის რეჟიმში ვართ, ველოდებით ჯანმოს გადაწყვეტილებას, თუმცა ვფიქრობთ, თუ ასეთი მდგომარეობა დარჩა ქვეყანაში, შესაძლოა, საქართველომ, ისე როგორც ევროპის უმრავლესმა ქვეყანამ, ჩრდილოეთ ამერიკამ, იაპონიამ, შეცვალოს მინიმალური ასაკობრივი ზღვარი და 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში დავიწყოთ ვაქცინაცია. თუ ასეთ მძიმე ეპიდემიური ვითარება დარჩება, ვფიქრობ სექტემბერში ამ საკითხის განხილვა უნდა დავიწყოთ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “იმედის” ეთერში.