LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ძნელი გამოსაცნობი არ იქნება, ვინ იქნებიან ჩვენი კანდიდატები მერობისთვის” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ძნელი გამოსაცნობი არ იქნება თუ ვინ იქნებიან “ქართული ოცნების” ლიდერები და კანდიდატები მერობისთვის.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, “ოცნების”გუნდი ემზადება იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში განახლებული პროგრამა წარადგინოს.

„ვემზადებით, რომ საზოგადოებას ყველა მუნიციპალიტეტში წარვუდგონით განახლებული პროგრამები და ასევე განახლებული პოლიტიკური გუნდი ყველგან, სადაც საქმე გახლავთ გასაკეთებელი, სადაც მოქალაქეები ელიან მომავალში კიდევ უფრო მეტ პროგრესს და ეფექტურ გადაწყვეტილებებს. პარტიაში სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსამზადებლად. ჩვენ გვქონდა და კიდევ განვაგრძობთ კონსულტაციებს. გადაწყვეტილებები კანდიდატებთან დაკავშირებით იქნება ცნობილი უშუალოდ კამპანიის დაწყების წინ, ვინაიდან, თვითმმართველობის არჩევნების წინ ასეთია პრაქტიკა და ჩვენი ტრადიციაც ეს გახლავთ. ალბათ, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ძნელი გამოსაცნობი არ იქნება თუ ვინ იქნებიან ჩვენი ლიდერები და კანდიდატები მერობისთვის, რომლებსაც წარმატებული საქმე უმაგრებთ ზურგს. მაქსიმალურად ვეცდებთ შევთავაზოთ საზოგადოებას სამომავლო გეგმები, რომ დაინახონ რა იცვლება მათთვის უკეთესობისკენ, რა იცვლება მათ საცხოვრებელ გარემოში და როგორი იქნება მათი ქალაქი თუ სოფელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.