სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის მხარდასაჭერად, საქართველოში “სოციალური კოდექსის” ორწლიანი პროექტის განხორციელება იწყება.
სოციალური კოდექსის რეფორმა მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფილი და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას, რომელიც მოიცავს მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას სოციალური, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სექტორებისთვის.
პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოები იწყებენ.
ღონისძიება დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად გახსნა.
მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის წევრებს, საელჩოებსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს “სოციალური კოდექსის” პრეზენტაცია საფრანგეთის განვითარების სააგენტომ წარუდგინა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ვინაიდან დღეს არსებული სოციალური სისტემა ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე სათანადო მხარდაჭერას ვერ უზრუნველყოფს, მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე განხორციელდება.
◼ პირველ ეტაპზე, საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემა მოეწყობა და სოციალური დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობა გაანალიზდება;
◼ განხორციელდება სისტემის ინსტიტუციური და ფუნქციური შეფასება;
◼ მოხდება ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთისა და ლიეტუვის სოციალური დაცვის კანონმდებლობისა და სისტემური მოწყობის მოდელების საქართველოსთან შედარება.
◼ შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების სოციალური დაცვის მინიმალურ სტანდარტებს დაეფუძნება;
◼ გაანალიზდება არსებული გამოწვევები და გამოიკვეთება სისტემაში არსებული ღია სივრცეები.
“სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესების და განვითარების მიზნით, საკანონმდებლო და ინსტიტუციური მოწყობის კუთხით მომზადდება წინადადებები. ჩამოყალიბდება სოციალური დაცვის მდგრადი სისტემა და ის ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე მხარდაჭერის ღონისძიებებს მოიცავს.” – განმარტავენ უწყებაში.
“სოციალურ კოდექსზე” მუშაობა 2023 წელს დასრულდება.