“ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან ადამიანის უფლებებზე, ძირითად თავისუფლებებსა და საერთაშორისო სამართალზე შეტევის განხორციელების გამო.” – ბელარუსისთვის მორიგი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ევროკავშირი, კანადა, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
განცხადების ხელმომწერი მხარეები მოუწოდებს რეჟიმს, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიული პრაქტიკა შეწყვიტოს და 23 მაისის მოვლენებზე საერთაშორისო გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლოს.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები ეხება 8 ბელარუსულ კომპანიას და 78 ფიზიკურ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე, დემოკრატიულ ოპოზიციასა და ჟურნალისტებზე ძალადობრივ რეპრესიებზე.
ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი მინსკში დააკავეს
“ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან ადამიანის უფლებებზე, ძირითად თავისუფლებებსა და საერთაშორისო სამართალზე შეტევის გამო. დღეს მივიღეთ კოორდინირებული ზომები 23 მაისს, Ryanair-ის კომერციული ფრენის იძულებითი დაშვებისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩისა და სოფია საპეგას პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების საპასუხოდ.
მხარს ვუჭერთ ბელარუსი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს. მოვუწოდებთ რეჟიმს, შეწყვიტოს რეპრესიული პრაქტიკა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ, რომ რეჟიმმა თავი აარიდა ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიული პრინციპების დაცვასა და საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობას. ლუკაშენკოს რეჟიმს მოვუწოდებთ, სრულად ითანამშრომლოს 23 მაისის მოვლენებზე საერთაშორისო გამოძიებასთან; დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი.” – აღნიშნულია განცხადებაში.
მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, რომ იმედგაცრუებულები არიან, რადგან რეჟიმმა შეწყვიტა ადამიანის უფლებების, დემოკრატიული პრინციპების დაცვა და ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობა.
შეგახსენებთ, სანქციების ერთ-ერთი მიზეზი Ryanair-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტია, რომელიც 23 მაისს მოხდა.
მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. ჟურნალისტს ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებდა ბრალს. Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, ბელორუსის აეროპორტში, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე დაეშვა.