“არ ვამბობ 26 მაისს 2 გარდაცვლილზე და მსგავს შემთხვევებზე, მაგრამ თუ ერთ აქციაზე ერთმანეთის ცემა-ტყეპას ვპატიობთ, სხვაგანაც უნდა ვაპატიოთ,” – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში არცერთი მიტინგი არ დაუშლიათ კანონიერად.
„მე განსხვავებულად მესმის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთება ამნისტიის ნაწილში. ჩვენთან პარლამენტში ახლა მიდის ასეთი საუბრები, რომ „ბევრი არ მოგვივიდეს“, „ზედმეტი არ ვაპატიოთ“ და ა.შ., მაშინ როდესაც მე და ჩვენს პარტიას შეტანილი გვაქვს კანონპროექტი, რომლის შინაარსიც შემდეგია: იქნებ გავავრცელოთ 26 მაისსა და 7 ნოემბერზე იმ დანაშაულების პატიება, რაც შეგვიძლია 20 ივნისს. 7 ნოემბერსა და 26 მაისსაც არაფერი აკავშირებს ერთმანეთთან, ისევე როგორც 20 ივნისს ამ ორი თარიღიდან რომელიმესთან – არც პოლიტიკურად, არც გემოვნებით, არც მორალურად, მაგრამ აკავშირებს მხოლოდ ერთი რამ – სამივე შემთხვევაში მოხდა სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტება. შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ იქნებ სხვანაირად შევხედოთ რაღაც ტიპის კონფლიქტებსა და თარიღებს, რასაც ვერ ვაბიჯებთ. ზოგადად საქართველოში არცერთი მიტინგი არ დაუშლიათ კანონიერად – ყველგან ძალას გადავამეტეთ და ყველგან ტყუილად გავლახეთ საკუთარი მოქალაქეები. ჩვენ შეიძლება არ გვქონდეს პატიების უფლება ყველა საქმეზე, მაგრამ არსებობს საქმეები, როდესაც პოლიციელმა ვიღაცას ხელკეტი ჩაარტყა თავში, რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება – მე არ ვამბობ 26 მაისს 2 გარდაცვლილზე და მსგავს შემთხვევებზე, მაგრამ თუ ერთგან ერთმანეთის ცემა-ტყეპას ვპატიობთ, სხვაგანაც უნდა ვაპატიოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.