“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის ოფისში მყოფი ადამიანები არიან გაფრთხილებულები პროვოკაციის შესახებ. მისი თქმით, თუ პარტიის ოფისში შენიშნავენ პოლიციის მიმართ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს, ისინი ავტომატურად პროვოკატორებად ჩაითვლებიან.
უდუმაშვილი ამბობს, რომ თუ “ენმ”-ის ოფისში სპეცრაზმი მაინც შევა, ადგილზე მყოფები მათ ხელაწეულები დახვდებიან.
“გუშინაც აღმოვაჩინეთ საეჭვო პირები, რომლებიც განვარიდეთ აქედან. ყველა ადამიანი, მხარდამჭერი გაფრთხილებული გვყავს, რომ თუ დაიწყება შტურმი და გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც აგრესიულად იქნებიან განწყობილი პოლიციელების მიმართ, ჩათვალეთ, რომ ეს არის პროვოკატორი და ის ჩვენი ძალებითვე უნდა გავანეიტრალოთ, რომ არ მოხდეს შეტაკების პროვოცირება. ბევრს მეკითხებიან თუ რა არის ჩვენი გეგმა თუ სპეცრაზმელები შემოვლენ.
ჩვენი გეგმა მარტივია – ჩვენ ვხვდებით ხელაწეულები მომღიმარები სპეცდანიშნულების რაზმს, და უბრალოდ ვიცავთ თავს, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ეს იქნება ჩვენი დახვედრა, თუ შემოვა აქ სპეცრაზმი. იმედი მაქვს, რომ გონიერება გადაძალავს იმ სიძულვილს, რომელიც დღეს პარლამეტში გვესმოდა” – განაცხადა “ფორმულას” ეთერში ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, “ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, ხელისუფლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს.
ამ წუთებში “ენმ”-ის ოფისში ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი და როგორც აცხადებენ, მელიას დაპატიმრებას ელოდებიან.
ნიკა მელიას გეგმები უცვლელია. ის არ აპირებს დატოვოს ოფისი.