ზოგს უკვირს, რატომ არ შეიცვალნენ მინისტრები. ეს პრემიერმა არ ისურვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
ივანიშვილი აცხადებს, რომ გიორგი გახარია მთავრობის ხელმძღვანელობას კარგად ართმევს თავს და კარგია, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობის გუნდი უცვლელი დარჩა. მან აღნიშნა, რომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილების შემდეგ გუნდის საქმიანობაში არ ჩაერევა.
„ზოგს უკვირს, რატომ არ შეიცვალნენ მინისტრები. ეს პრემიერმა არ ისურვა. ვიღაცებს ილუზიები აქვთ, რომ ივანიშვილმა მოახვია თავს, მაგრამ, გარწმუნებთ, რამდენჯერმე დავუსვი კითხვა გიორგის, ვის შეცვლას აპირებ, ჰქონდა რაღაც კითხვები, რაც საჯაროდ აღარ ითქმის, რაღაც სხვა გეგმები, რაზეც მას ჰქონდა აბსოლუტური თავისუფლება. ბოლოს მახსოვს, ხელს როცა ვაწერდი მის პრემიერად წარდგენას, მითხრა, რომ არავის არ შეცვლის, მოსწონს ეს გუნდი.
გუნდი საკმაოდ გამოცდილია, ჩემი რჩევები არ სჭირდებათ. ვფიქრობ, რომ თავადაც დაიცავენ თამაშის წესს, რაზეც შევთანხმდით. თუ ასეთი მოხდება, აუცილებლად უარით ვუპასუხებ, რომ თუ პირადული რამე გაქვს, კი ბატონო, სიამოვნებით, მაგრამ პოლიტიკური თემები, სჯობს, გადაწყვიტოთ გუნდთან ერთად. ამავდროულად, ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ვმეგობრობთ ევროკავშირთან, ნახეთ, როგორი კარგი ურთიერთობები დამყარდა. მათ შეუძლიათ, დამატებითი რჩევები მიიღონ პარტნიორებიდან და არა ჩემგან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
თუ უკან დაბრუნება მომიწევს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც სწორად ვერ გავაკეთე – ბიძინა ივანიშვილი