საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით, საქართველოს ხელისუფლებასთან საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის შესასრულებლად, მოლაპარაკებები გამართა.
“პროდუქტიული დისკუსიის შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ და სსფ-ს მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულების თაობაზე. 2020 წლის პირველ ნახევარში პროგრამით გათვლისწინებული პირობები დაკმაყოფილებულია. მისიის დონეზე მიღწეული ეს შეთანხმება სსფ-ს ხელმძღვანელობამ და აღმასრულებელმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. საკითხის განხილვა მოსალოდნელია 2020 წლის დეკემბერში. მეშვიდე მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 79 მილონი ესდეერი (დაახლოებით 112.1 მილიონი აშშ დოლარი). ამ თანხის ჩამორიცხვის შემდეგ, საქართველოში „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში ჩამორიცხული მთლიანი თანხა 406 მილიონ ესდეერს, ანუ (დაახლოებით 576.4 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდება”, – განაცხადა მისიის დასასრულს ვერა მარტინმა.
მისი თქმით, COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე. შოკის შედეგად 2020 წელს მოსალოდნელია რეალური მშპ–ს 5-პროცენტიანი კლება, რაც 1 პროცენტული პუნქტით მეტია მეექვსე მიმოხილვის დროინდელ პროგნოზთან შედარებით და გამოწვეულია ეკონომიკის ჩაკეტვის უფრო უარყოფითი ეფექტით და გახანგრძლივებული შოკით. 2020 წლის ბოლოს ინფლაცია 3.5 პროცენტზე არის პროგნოზირებული, რამდენადაც ეკონომიკის ჩაკეტვის განმავლობაში არსებული მაღალი საკვების ფასები მთლიანად დააკომპენსირა ინფლაციის კლებამ ეკონომიკის გახსნის შემდეგ. საგარეო პოზიცია გაუარესებულია, რადგან ტურიზმიდან შემოსავლები, ფაქტობრივად, გაქრა. მოსალოდნელია, რომ 2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-ს 9.7 პროცენტამდე გაღრმავდება, მაშინ როცა 2019 წელს იგივე მაჩვენებელი 5.1 პროცენტი იყო. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მაღალმა გზავნილებმა და შედარებით დაბალმა იმპორტმა შეამცირა საქართველოს საგარეო ფინანსების საჭიროება, ხოლო მთლიანი საგარეო რეზერვები კვლავაც კომფორტულ დონეზე ნარჩუნდება, რაც სსფ-ს მიერ პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი თანხის გაზრდისა და დონორების დაფინანსების შედეგია. დაბალი საგადასახადო შემოსავლებისა და შოკის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გათვალისწინებული ფისკალური დახმარებების შედეგად მოსალოდნელია ფისკალური დეფიციტის ზრდა. წინასწარი მონაცემები ივნისში შიდა მოთხოვნის აღდგენის დაწყებას მიანიშნებს. კერძო სექტორის დაკრედიტების ტემპი მაღალი დარჩა, რაც ნაწილობრივ მთავრობის მიერ ლარით გაცემული იპოთეკური სესხების სუბსიდირებამაც წაახალისა. სუსტმა მოთხოვნამ და ეკონომიკის გახსნის შემდგომ მიწოდების აღდგენამ ბოლო პერიოდში ინფლაციაზე დაღმავალი ზეწოლა იქონია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2021 წელს, პანდემიის ეფექტის გალევის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა განახლდება და 4.3 პროცენტს მიაღწევს; თუმცა ამ პროგნოზს მნიშვნელოვანი დაღმავალი რისკები ახლავს. ‘მსოფლიოს ეკონომიკის პერსპექტივის (WEO)’ ოქტომბრის ანგარიშში გაჟღერებული 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის (5 პროცენტი) გადახედვა გამოწვეულია იმ გაურკვევლობით, რაც დაკავშირებულია რეგიონში მიმდინარე კონფლიქტთან და საქართველოში ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან. ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელს 2021 წლის ბოლოს მიუახლოვდება.