„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, 2021 წლის 30 ივნისს მთავრობის ვალმა 29.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ერთი წლის მშპ-ის დაახლოებით 55%-ია. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 30 ივნისს საგარეო ვალი 7.5 მლრდ აშშ დოლარი იყო, ანუ 6 თვეში 300 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, თუმცა, ლარის კურსის გამყარების და მთავრობის საშინაო ვალის 418 მლნ ლარით შემცირების გამო, ლარში გამოსახული მთავრობის ვალი საბოლოოდ 70 მლნ ლარით შემცირდა.
ორგანიზაციის ცნობით, მშპ-ის მიმართ ვალის ტვირთის შემცირება კი იანვარ-ივნისში დაფიქსირებულმა 12.7%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.
მათივე ცნობით, 2021 წლის ბოლომდე მთავრობა 5.1 მლრდ ლარზე მეტ ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 2.7 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, წელს მთავრობის ვალი 2.4 მლრდ ლარით გაიზრდება და 30.8 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 53.9% იქნება.
„სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის დეფიციტი[5] 2,489 მლნ ლარის დონეზე იყო დაგეგმილი, ფაქტობრივმა დეფიციტმა კი 1,957 მლნ ლარი შეადგინა. დეფიციტის შემცირება შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულებამ და დაგეგმილზე ნაკლები ხარჯების გაწევამ განაპირობა. 2021 წლისთვის წლიური (12 თვის) ბიუჯეტის დეფიციტი 4 მლრდ ლარის დონეზეა დაგეგმილი.
2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის ვალი 29.7 მლრდ ლარი იყო, რაც გასული წლის მშპ-ის 60.1%-ია. 2021 წლის 30 ივნისს მთავრობის ვალმა 29.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ერთი წლის მშპ-ის დაახლოებით 55%-ია. 2020 წლის ბოლოს მთავრობის საგარეო ვალი 7.2 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც იმ დროინდელი ლარის კურსით (3.28) 23.5 მლრდ ლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის 30 ივნისს საგარეო ვალი 7.5 მლრდ აშშ დოლარი იყო, ანუ 6 თვეში 300 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, თუმცა, ლარის კურსის გამყარების და მთავრობის საშინაო ვალის 418 მლნ ლარით შემცირების გამო, ლარში გამოსახული მთავრობის ვალი საბოლოოდ 70 მლნ ლარით შემცირდა. მშპ-ის მიმართ ვალის ტვირთის შემცირება კი იანვარ-ივნისში დაფიქსირებულმა 12.7%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.
2021 წლის ბოლომდე მთავრობა 5.1 მლრდ ლარზე მეტ ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 2.7 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, წელს მთავრობის ვალი 2.4 მლრდ ლარით გაიზრდება და 30.8 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 53.9% იქნება.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ივლისში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მთავრობა 154 მლნ ლარით ნაკლებ ახალ ვალს აიღებს. ასაღები ვალის შემცირებამ და ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებამ ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-სთან თანაფარდობის წლიური პროგნოზი 7.7%-დან 6.9%-მდე შეამცირა, თუმცა დეფიციტი მაინც რჩება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ” კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე (3%) ზემოთ და უახლოეს ორ წელში უნდა დაუბრუნდეს დაშვებულ ზღვარს“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მოკლე ანალიზში“.
I. ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები
- 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში იანვარ-ივნისში დაგეგმილზე მეტი შემოსულობები შევიდა და გეგმა 103.5%-ით შესრულდა. შემოსულობების მატება პროგნოზირებულზე მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.
- პრივატიზაციის 6 თვის გეგმა 177%-ით შესრულდა, ბიუჯეტში 54 მლნ ლარის ნაცვლად 95 მლნ ლარი შევიდა. გეგმის გადაჭარბებით შესრულება საპრივატიზაციო ობიექტების რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების 6 თვის გეგმა 96.%-ით შესრულდა, სულ ბიუჯეტიდან 10 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯა.
- 2021 წლის 6 თვეში, 2020 წლის 6 თვესთან შედარებით, საქონლის და მომსახურების შესყიდვის ხარჯები 21.4%-ით გაიზარდა და 758 მლნ ლარი შეადგინა. 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით კი, ისინი 24%-ით არის გაზრდილი.
- 2021 წლის იანვარ-ივნისში შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 153.2 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 84.4 მლნ ლარით, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 95 მლნ ლარით მეტია.
- 2021 წლის პირველ ნახევარში მივლინებებზე 28.4 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2020 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 2.6-ჯერ აღემატება, 2019 წლის მივლინების ხარჯებს კი – 32%-ით (7 მლნ ლარით).
- სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის დეფიციტი 2,489 მლნ ლარის დონეზე იყო დაგეგმილი, ფაქტობრივმა დეფიციტმა კი 1,957 მლნ ლარი შეადგინა. დეფიციტის შემცირება შემოსულობების გეგმის გადაჭარბებით შესრულებამ და დაგეგმილზე ნაკლები ხარჯების გაწევამ განაპირობა.
- 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთავრობის ვალმა 29.6 მლრდი ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ბოლო ერთი წლის მშპ-ის დაახლოებით 55%-ია. 2021 წლის 6 თვეში მთავრობამ 3.5 მლრდ ლარის ვალი აიღო, თუმცა ამავე პერიოდში 2.2 მლრდ ლარის ვალი დაფარა.
- 2021 წლის პირველ ნახევარში „კორონავირუსით” გამოწვეულ ახალ პროგრამებზე 921 მლნ ლარი გამოიყო, ფაქტობრივად კი 822 მლნ ლარი (დაგეგმილის 89.3%) დაიხარჯა. ჯანდაცვის მიმართულებით 425 მლნ ლარი დაიხარჯა, მათ შორის 96 მლნ ლარი – ვაქცინის შეძენაზე. სოციალურ დახმარებებზე 350 მლნ ლარამდე დაიხარჯა, ყველაზე მეტი თანხა – 142 მლნ ლარი დროებით უმუშევრად დარჩენილების კომპენსაციაზე დაიხარჯა, 105 მლნ ლარი კი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე.
- ბიუჯეტის 20 პროგრამაზე მეტის 6 თვის გეგმა 60%-ზე ნაკლები მაჩვენებლით შესრულდა, მათ შორის 4 პროგრამა საერთოდ არ შესრულებულა, ესენია: ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მშენებლობის ორი პროგრამა, კულტურაში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის პროგრამა და ბათუმის ავტობუსების პროექტი.
- ხარჯების მუხლებიდან ყველაზე მაღალი შესრულების მაჩვენებელი სოციალურ უზრუნველყოფაში დაფიქსირდა – 99.7%. სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები ჯანდაცვის ხარჯებსაც მოიცავს, რომლის პროგრამები მაღალი მაჩვენებლით შესრულდა.
რეკომენდაციები:
- მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის ბიუჯეტის კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 7.7%-დან 6.9%-მდე შემცირდა, დეფიციტის მაჩვენებელი მაინც ძალიან მაღალი რჩება და წლის ბოლომდე მთავრობამ არააუცილებელ ხარჯებში ეკონომია უნდა გააკეთოს. დეფიციტის შემცირება დადებითად იმოქმედებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, შეამცირებს ფასების დონესა და ლარის კურსზე უარყოფით ზეწოლას;
- ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ფინანსთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია უწყებების მიხედვით, თუ სად რამდენი შტატგარეშე თანამშრომელია დასაქმებული და რა თანხა იხარჯება მათ ანაზღაურებაზე. როდესაც მთავრობის ვალი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ქვეყანაში პანდემიაა, შტატგარეშედ დასაქმებულებზე გაწეული ხარჯების გაორმაგება თანხების არაეფექტიან ხარჯვაზე და ნეპოტიზმზე აჩენს კითხვებს, რადგან შტატგარეშედ სამსახურში მიღება ნაკლებად კონტროლდება კანონმდებლობით