LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წელს რეკლამით ყველაზე მეტი შემოსავალი “იმედმა” მიიღო, მას მოსდევს “მთავარმა არხი” – ახალი კვლევის დეტალები

112
ტელევიზიები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის შესწავლის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის თანახმად, მთავარი გამოწვევა 2021 წელს კვლავაც კორონა ვირუსი და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები იყო, რაც ეკონომიკას ტვირთად დააწვა.

კვლევა მოიცავს ყველა კერძო ტელევიზიასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს. წარმოდგენილი მასალა ეყრდნობა ღია მონაცემებს, გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციასა და სფეროს წარმომადგენლებთან  ჩაწერილ ინტერვიუებს.

ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წელს ყველაზე მეტი რეკლამა, ტრადიციულად „იმედის“ ჰოლდინგმა მიიღო. მისმა შემოსავალმა 2021 წელს 31.1 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 37.4%) შეადგინა. მეორე ადგილზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ „მთავარმა არხმა“ ჩაანაცვლა 11.9 მლნ ლარი (სარეკლამო ბაზრის 14.3%) შემოსავლით.

გამოქვეყნებულ დოკუმენტში სხვა მნიშვნელოვან მიგნებებზეც არის საუბარი:

● 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 7.8 მლნ ლარით გაიზარდა (10.4%) და 83.1 მლნ ლარი შეადგინა.

● ბოლო წლებში სარეკლამო შემოსავლის ყველაზე დიდი კლება მანამდე ლიდერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა, რაც დროში მფლობელის შეცვლას ემთხვევა. 2018 წელთან შედარებით 2021 წელს მისი სარეკლამო შემოსავალი 19.3 მლნ ლარით შემცირდა (63.4%) და 11.1 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2020 წელთან შედარებით 1.7 მლნ ლარით შემცირდა (13.1%)

● 2021 წელს კერძო ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 1.3 მლნ ლარით გაიზარდა (1%) და 139.8 მლნ ლარი შეადგინა.

● 2021 წელს კერძო ტელევიზიებიდან ჯამური შემოსავლების მხრივ პირველი ადგილი „ფორმულას“ ეჭირა 37.5 მლნ ლარით, რომელშიც 31.6 მლნ ლარი „არასამაუწყებლო შემოსავალია“, რაც მფლობელისგან, დავით კეზერაშვილისგან სესხის სახით აღებული თანხაა.

● 5 ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიიდან 2020 წელს არც ერთს არ ჰქონია მოგება. ყველზე დიდი ზარალი, 74.5 მლნ ლარი, ტელეკომპანია „იმედმა“ განიცადა.

● საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი 2021 წელს 2.4 მლნ ლარი იყო. ეს 1.4 მლნ ლარით მეტია 2020 წელთან წელთან შედარებით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის შესწავლის შედეგების ანგარიში პოლიტიკური რეკლამის საკითხსაც მოიცავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე ფასიან პოლიტიკურ რეკლამაზე 3.8 მლნ ლარამდე თანხა დაიხარჯა.

“ყველაზე მეტი თანხა, 2.3 მლნ ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, მას მოსდევს „ლელო საქართველოსთვის“ 1.1 მლნ ლარით და „ნაციონალური მოძრაობა“ 0.3 მლნ ლარით. „ქართულმა ოცნებამ“ რეკლამა ძირითადად „იმედის“ ჰოლდინგში, „რუსთავი 2-სა“ და „პოსტვ-ზე“ განათავსა, ხოლო „მთავარ არხზე“, „ფორმულაზე“ და ტელეკომპანია „პირველზე“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა საერთოდ არ მიუტანია.

თავის მხრივ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეკლამის ძირითადი ნაწილი „მთავარ არხსა“ და „ფორმულაზე“ განათავსა და „იმედის“ ჰოლდინგში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ მიუტანია. რაც შეეხება „ლელო საქართველოსთვის“, რეკლამის დიდი ნაწილი ტელეკომპანია „პირველში“ და „მთავარ არხზე“ განათავსა.

პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე მეტი თანხა, 797 ათასი ლარი, ტელეკომპანია „იმედმა“ მიიღო, 786 ათასი ლარი „რუსთავი 2-მა“,  ტელეკომპანია „პირველმა“ კი 609 ათასი ლარი”, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.