LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წელს ახალი საცხოვრებელი 3 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა: ტიკარაძე

75
Untitled design (1)

“მინისტრის საათის” ფორმატში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ჯანდაცვის მინისტრმა დევნილთა საჭიროებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წელს ახალი საცხოვრებელი 3 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება განახორციელა – განსახლების კრიტერიუმები კიდევ უფრო დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყების მიზანია, მესამე და მეოთხე ხარისხის ყველა ნგრევადი ობიექტი დაიხუროს და იქ მაცხოვრებელი დევნილები უსაფრთხო პირობებში გაასახლოს:

“ჩვენ გვაქვს მყარი მიზანი, დავხუროთ ყველა მესამე და მეოთხე ხარისხის ნგრევადი ობიექტი და იქ მაცხოვრებელი დევნილები განვასახლოთ უსაფრთხო პირობებში. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე სრულად დავხურეთ ნგრევადი ობიექტები სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებში. სამინისტრო ასევე ზრუნავს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. 2021 წელს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 200-ზე მეტი ოჯახი უსაფრთხო გარემოში განსახლდება.

გარდა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა, ჩვენი ამოცანაა, დევნილებს დავეხმაროთ სოციალურ ინტეგრაციაში, დასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში. დასაქმების, პროფესიული განათლების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, 350 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება. 2020 წლიდან სააგენტო სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრეაციის დახმარების სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს.” – თქვა მინისტრმა.

ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2021 წელს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამშობლოში დაბრუნებულ 200-მდე მიგრანტს გრანტი გადაეცემა.