რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი, რომელმაც რადიოში სიმღერის რემიქსი დააპრემიერა და ისაუბრა ოჯახზე, კარიერაზე და იმ ინტერნეტ-ბულინგზე, რომლის მსხვერპლიც პერიოდულად ხდება ხოლმე.
როგორ გაატარე პანდემიის პერიოდი?
პირველ ტალღაზე მთელი ოჯახი მცხეთაში ვიყავით, ძალიან მხიარულად გავატარეთ ეს დრო, ძალიან კარგად დავისვენეთ. ახლა ცალცალკე ვართ. ჩემი შვილი ბაკურიანშია, მაინც ონლაინ სწავლებაა, ამიტომ ჯერჯერობით იქაა. ბებიაჩემი არაბულს ასწავლის, ერთი ოთახიდან არაბული საუბარი გამოდის, მეორედან ელენეს გაკვეთილის ხმები.
რა პრობლემები შეგექმნა პანდემიის დროს როგორც მომღერალს?
პანდემიის დროს სიმღერებზე ვმუშაობდი. მქონდა რაღაც თანხები შავი დღისთვის გადანახული და ამ ყველაფერზე გამოვიყენე. სხვათა შორის, ეს თანხა ამოვიღე, სიმღერამ გაამართლა და ზაფხულშიც ბევრი კონცერტი ჩავატარე.
რატომ ხდება რომ ბულინგის მსხვერპლი ასე ხშირად ხდები და როგორ უმკლავდები ხოლმე ამ ყველაფერს?
იცი, არიან ადამიანები, რომლებსაც ბავშვობიდან თვალში ვეჩხირები. ცოტა პოლიტკურიც მგონია ხოლმე ხანდახან. არის მომენტები, როცა ეს ყველაფერი შემაწუხებელი ხდება, არცერთ ადამიანს არ უხარია აგრესიული ადამიანების აბობოქრება მის წინააღმდეგ.
რაც შეეხება გამკლავებას, გამოლოცვებზე დავდივარ ხოლმე. ვხუმრობ რა თქმა უნდა, თუმცა არ მაწყენდა ნამდვილად. ამდენი ადამიანის მიერ გამოშვებული ნეგატივი, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაუმსახურებელია, ცუდად აისახება ადამიანზე. არის რაღაცები, რაც შემშლია, თუმცა ზოგჯერ მგონია, რომ ვინც უსაქმურად ზის, ნინი ბადურაშვილი ახსენდება. არ უნდა აყვე ასეთ ადამიანებს. მილიონ ადამიანს კორექტულად ვერ უპასუხებ. დედაჩემს მიაჩნია, რომ უბრალოდ არ უნდა წაიკითხო ასეთ რაღაცეები.
შენს შესახებ არაერთი ჭორი გვსმენია, ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საყვარელი იყავი…
ნებისმიერი ინტერვიუ შეიძლება ისე დაასათაურო, რომ დიდი ამბავი ატყდეს. იცით, მე მაინც მწყდება გული იმაზე, რასაც ჩემზე საუბრობენ. ვფიქრობ, რომ არანაირად არ დამიმსახურებია ეს მიდგომა. ამ ყველაფერს რომ არ უპასუხო, არ არის მარტივი. ყოფილა, რომ კატასტროფები წამიკითხავს და არ შემიმჩნევია, მაგრამ გააჩნია შინაგან განწყობას. ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე ფონია და ადამიანებს სურთ სხვაზე ანთხიონ ეს ბოღმა.
მომღერლობიდან – ტელეწამყვანობამდე, გვესაუბრე ამ თემაზე როგორ გაითავისე ახალი პოროფესია?
ეს ჭეშმარიტებაა, როდესაც ამბობენ, ტელევიზიას მაგიური მტვერი აქვსო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ძირითადი პროფესია გახდება. მე ყველაზე მეტად სცენა და სიმღერა მიყვარს და მას არასდროს მივატოვებ, თუმცა ამავდროულად ტელევიზიაც ძალიან შემიყვარდა. ძალიან კარგი და მეგობრული გუნდი შეკრა ნოემ. ძირითადად მე და ნოე ვჭამთ ხოლმე ერთმანეთს. დედა ხანდახან მაკრიტიკებს კიდეც, მაგრამ მოსწონს ჩემი ახალი ამპლუა.
შენი რომანების შესახებ ბევრს საუბრობდნენ, გვესაუბრე ამის შესახებ და ასევე გვითხარი რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
გიორგის (ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე) ჩემზე ისეთი მესიჯები მისდიოდა, ეუბნებოდნენ, რომ ურჩხული ვიყავი და ჩემგან დროზე გაქცეულიყო. ამ ეტაპზე არაფერია ჩემს პირადში ახალი, არის გარკვეული სიმპათიები, თუმცა სერიოზული არაფერი.
რა სიახლეებია შენს მუისკალურ კარიერაში?
რამდენიც არ უნდა მაბულინგონ, მე სიმღერებს მაინც ვწერ, ახლა გიგა კვენეტაძეს ველოდები, რომელმაც ძალიან ლამაზი სიმღერა დამიწერა და მინდა, ის სისრულეში მოვიყვანო, ალბათ გაზაფხულისთვის გამოვუშვებ. საახალწლოდ კი ერთი დუეტი მექნება, რომელსაც სიურპრიზად დავტოვებ.