პარლამენტის მოქმედი დეპუტატი გურჯაანის-საგარეჯოს-სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში ოფიციალურად ჩაერთო. დავით სონღულაშვილის კანდიდატურა მოსახლეობას დღეს პრემიერ მინისტრმა,პარტიის გენერალურმა და პოლიტიკურმა მდივანმა წარუდგინეს.
საგარეჯოში “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას “ქართული ოცნების” მთავარ მონაპოვარზე ისაუბრა თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი თქვა, რომ „ოცნების“ მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა. რაც შეეხება კონკრეტულად, გურჯაანში არსებულ მდგომარეობას, მინისტრის თქმით, არაერთ წინსვლასა და წარმატებას მიაღწიეს რეგიონის განვითარების კუთხით.
“თუნდაც, ბაზრების გახსნა. აი, რას ნიშნავს თავისუფალი ბაზრების გახსნა გურჯაანელი გლეხებისთვის – მე წეღან მქონდა საშუალება და ვესაუბრე გურჯაანელ გლეხს, რომელიც იყო აღტაცებული.
მისი კმაყოფილება გაგვიზიარა მან და თქვა, რომ თუ რამდენიმე წლის წინ ნაცმოძრაობის დროს ყუთი ატამი ღირდა სამი ლარი, დღეს ღირს 2 ლარი, 1.80 ლარი, კილოგრამი ატამი.
რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ყველას ერთად დიდი წარმატება. ჩვენ გვიხარია, როცა გლეხი არის წარმატებული” – თქვა ღარიბაშვილი.