25 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მომღერალი ნუცა ბუზალაძე სტუმრობდა, რომელმაც მოგვიტანა ახალი სიმღერა სახელწოდებით ,,თეთრი ღამე”.
ნუცა, როგორ შეიქმნა სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს ჩვენს ეთერში შედგება?
მოგესალმებით, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია თქვენს პირდაპირ ეთერში ყოფნა, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება სიმღერის პრემიერას. ძალიან მაინტერესებს, როგორი რეაქცია მოყვება ამ სიმღერას. მქონდა ერთი სიმღერა აკვიატებული, რომელსაც დღეში ხშირად ვუსმენდი და ამის შემდეგ მეც მომინდა მქონოდა ასეთი განწყობის, პოზიტიური სიმღერა. წავედი ლილიკო ნემსაძესთან, ავუხსენი ყველაფერი და ვუთხარი, რომ არანჟირება მინდოდა იმ სიმღერის მსგავსი. ლილიკოსაც ძალიან მოეწონა და გამიკეთა ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა, ცეკვაც, რომ შეგიძლია და უბრალოდ მოსმენაც. ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძეს, არანჟირება კი ბორის კოშხიანს. ვფიქრობ, რომ კარგი ნამუშევარი გამოვიდა. სიმღერა ჩაიწერა ,,ბრავო რექორდსში”, მასტერინგი გააკეთა ალეკო ბერძენიშვილმა. სახელწოდება მოვუფიქრე მე და დავარქვი ,,თეთრი ღამე”.
სიმღერის ჩაწერა თვითიზოლაციის პერიოდში მოიფიქრე?
სანამ გამოცხადდებოდა კარანტინი, სიმღერა მაშინ ჩაიწერა, თუმცა გაკეთება ვეღარ მოესწრო ყველაფრის დაკეტვის გამო.
რა გეგმები გაქვს უახლოეს მომავალში?
ახალი პროექტის შემდეგ ძალიან მინდა კონცერტის გაკეთება და ბევრი ადამიანი მთხოვს ამას, მოსკოვშიც კი მთხოვეს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ასეთ გართობას აზრი არ აქვს, ამიტომ ამ ეტაპზე არ ვგეგმავ. ძალიან კარგი იქნება, თუ რეგულაციები შეიცვლება ისე, რომ მომღერლებსაც გამოგვადგეს, მაშინ კი აუცილებლად გავაკეთებ ერთ საღამოს. ასევე ვწერ ამ სიმღერის ინგლისურ ვერსიასაც, რომელიც მგონია, რომ უფრო წარმატებული იქნება, რადგან ბევრი ქართველი ითხოვდა და თან მგონია, რომ ჩემ ხმას ინგლისური ტექსტები უფრო უხდება.
კონტრაქტებზე მოგვიყევი..
კონტრაქტი მაქვს დადებული ,,Sony music”-თან. როდესაც ეთერში გავიდა ფინალი, ჩემი ახალი სიმღერაც მაშინ გამოვიდა. უცხოურ ენაზე რა სიმღერასაც ჩავწერ, გამოუშვებენ ისინი. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი თანხა არ დახარჯულა პიარზე, საკმაოდ კარგი პოზიციები ჰქონდა სიმღერას ჩარტებში, 70-ე ადგილზე იყო. ძალიან დამეხმარა სერგეი ლაზარევი, რომელმაც თავის გვერდზე განათავსა სიმღერა.
გაიხსენე რაიმე დადებითი თვითიზოლაციიდან…
ძალიან მომეწონა სახლში ვარჯიში, ჩამოვტვირთე 12 კვირიანი ვარჯიშები და ახლაც არ ვანებებ თავს. თვითიზოლაციის პერიოდში ასევე უფრო მეტი ყურადღება დავუთმე ჩემს ხმას, დავხვეწე. 5 დღე კვირაში ვვარჯიშობდი აქტიურად.
მოგვიყევი შენს სიყვარულზე…
ძალიან არ მიყვარს, როდესაც ყველა დეტალს აფიშირებენ, პირადი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოსაფრთხილებელი. კარანტინის პერიოდში უფრო დავახლოვდით და გადავწყვიტე მისი გამოჩენა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე ვისაუბრებ.
სამომავლოდ თუ აპირებ საქართველოდან წასვლას?
რაც არ უნდა მოხდეს, საქართველოდან შორს არასდროს წავალ. შემოთავაზებები მქონია და მაქვს კიდეც, თუმცა არ შეიძლება წახვიდე და არ დაბრუნდე უკან. წავსულვარ, თქვენც ხედავთ, მაგრამ აუცილებლად უკან ვბრუნდები.
ნუცა ბუზალაძემ შეყვარებული გამოაჩინა
გადაცემის აუდიოჩანაწერი