“იმედისმომცემია სტატისტიკა, აშკარად შეინიშნება დადებითი დინამიკა, რაც ნამდვილად იძლევა იმის შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ უკვე მილევადი რეჟიმი აქვს ეპიდემიას ჩვენს ქვეყანაში, შეიძლება ჩავთვალოთ გადალახულადაც და აღარ ველოდოთ ახალი შემთხვევების სწრაფ აღმავლობას,” – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ დადებითი დინამიკის ფონზე, ყველა პროგნოზი მაინც არის სავარაუდო.
სხვადასხვა ზომის დაცვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზეც უნდა ვიფიქროთ - მაია ბუწაშვილი
"დისტანცირება, ნიღბის ტარება ყველა ადამიანმა უნდა გაითავისოს და დიდი ხნის განმავლობაში დაიცვას ეს ზომები საზოგადოებრივ ტრანსპორტში“
„ზოგადად, სულ ვამბობდით, ვინაიდან ეს არის სრულიად ახალი ვირუსი, კორონავირუსის პანდემია არის პირველი, ყველა პროგნოზი იყო ვარაუდის დონეზე. სხვადასხვა მოდელირებები კეთდებოდა, მაგრამ მაინც, ეს არის ვარაუდები. ზოგადად, როდესაც მსგავსი პროგნოზები კეთდება, ყველაზე მძიმე სცენარი უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ ქვეყანა მზად შეხვდეს ყველა შესაძლო ვარიანტს. თანაც, ჩვენ ვუყურებდით დასავლეთ ევროპის და აშშ-ის მაგალითს და ამაზე იყო სწორება. საბედნიეროდ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ხდება ჩვენს ქვეყანაში.
ზოგადად, ჩვენი რეგიონი ასე თუ ისე, შედარებით დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევა, განსაკუთრებით საქართველო. ჩვენს ქვეყანაში ეს ძალიან დაბალი ციფრები ვფიქრობ, შეიძლება მიეწეროს იმას, რომ ძალიან სწრაფად დაიწყო ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.
ჩვენ გვახსოვს, ვიდრე პირველი შემთხვევა დაფიქსირდა თებერვლის ბოლოს, საქართველოში ბევრად ადრე დაიწყო პრევენციული ზომები, კერძოდ აეროპორტებში კონტროლი, თერმოსკრინინგი და სხვადასხვა ქვეყნებთან საზღვრების ეტაპობრივი ჩაკეტვა. ძალიან ეფექტურად მიმდინარეობდა კონტაქტების კვლევა; როგორც ვიცით, პირველი შემთხვევები ქვეყნის შიგნით კი არ დაფიქსირდა, პირდაპირ ვთქვათ, საზღვარზე შემოსვლისთანავე მოხდა მათი გამოვლენა. ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ პირველი შემთხვევები აღმოაჩინა იმ ეტაპზე, როცა უკვე იყო ქვეყანაში შიგნით დაავადების გავრცელების შემთხვევები და შესაბამისად ამ ქმედებებმა მე ვფიქრობ, შედეგი გამოიღო“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.