ყანდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ნოდარ გამყრელიძე 1 წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. ის შსს-ს თანამშრომლებმა საკუთარ სოფელში აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.
მას სახელმწიფო ბრალდება დედის მკვლელობას ედავება, თუმცა მოკლულია მისი ძმა, რძალი და ორი ნათესავიც.
ჯერჯერობით უცნობია ვის ედავებიან დანარჩენი 4 ადამიანის მკვლელობას.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ნ. გ., დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ყანდაურაში დააკავეს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 3 მაისს, კახეთში, სოფელ ყანდაურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრებსა და მეზობლებს.
2019 წლის 20 ივლისს, ნ.გ-ზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღები ნივთმტკიცებებად ამოიღო.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ“ და მესამე ნაწილის ,,ა”ქვეპუნქტებით, რაც ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.