პარლამენტში 1921 წლის დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
“დღეს, 99 წლის შემდეგ, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდა ქართველების ხსოვნას, რომლებმაც უანგაროდ, მაგრამ აბსოლუტურად გააზრებულად ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.
ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება ადამიანმა გაიღოს, არის საკუთარი სიცოცხლე, დღეს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ჩვენი იუნკრების სამაგალითო და საამაყო მოღვაწეობას,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა და იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო. ღარიბაშვილის თქმით, იუნკერებმა 100 წლის წინ ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის იდეას შესწირეს თავი.
“ძალიან იშვიათი არის, იდგე იმ ადგილას, სადაც მართალნი განისვენებენ,” – ეს განცხადება კი პრეზიდენტმა გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის ადგილი, სადაც 23 თებერვალს დაიკრძალნენ ის ახალგაზრდები, ვინც კოჯორ-ტაბახმელაში პირველივე დღეებში დაიღუპნენ.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლამდე, გიორგი გახარია, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრთან ერთად, დაესწრო დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც პარლამენტში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში ჩატარდა.