სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის პირველის სამი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 711 536 მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მგზავრთნაკადი 30%-ით (304 560 მგზავრით) შემცირდა. კლება ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჰაერო მიმოსვლის კუთხით დაწესებულმა შეზღუდვებმა და გლობალურ დონეზე COVID 19-ის პანდემიად გამოცხადებამ განაპირობა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 479 120 მგზავრს მოემსახურა, რაც 40%-ით (325 551 მგზავრით) ნაკლებია, ვიდრე 2019 წლის კვარტალური (I) მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. იანვარ-მარტში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 47 553 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 8%-ით (4 347 მგზავრით) ნაკლებია 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე.
მიუხედავად შეზღუდვებისა, მზარდი დინამიკა იყო შენარჩუნებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. 2020 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, აეროპორტში მგზავრთნაკადი 16%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 181 453 მგზავრი – 24 669 მგზავრით მეტი ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.
გაიცანით TOP 5 ავიაკომპანია, რომელიც ქართულ ავიაბაზარს ლიდერობს - უახლესი სტატისტიკა
"ავიაციის სექტორისთვის განსაკუთრებით კრიტიკული იქნება მეორე კვარტალი"
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 3 თვის განმავლობაში 1 676 მგზავრს მოემსახურა, რაც 430 მგზავრით, შესაბამისად 34%-ით მეტია ვიდრე გასული ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა 3 თვეში 189 მგზავრი მიიღო, რაც 6 მგზავრით ნაკლებია ვიდრე გასული წლის პირველ კვარტალში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა.
2020 წლის განვლილი სამი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 1 401 რეისით ნაკლები განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 3 799, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 3 183, ხოლო ჩარტერების 616. 2019 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, კლება 32%-ს შეადგენს.
კლება დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 3 971.812 ტონა შეადგინა, რაც 1 430.568 ტონით, შესაბამისად, 26%-ით ნაკლებია ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.