LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით კვლავ გაუარესდა: IDFI

48
IDFI_LOGO_new

„2020 წელს განხორციელებული IDFI-ის მონიტორინგის შედეგების თანახმად ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით კვლავ გაუარესდა“, – ამის შესახებ მონიტორინგის შედეგებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ბოლო წლების უარყოფითი ტენდენციის გაგრძელებას, 2020 წელს ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით შექმნილმა კრიზისულმა მდგომარეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

„კერძოდ, მთელი რიგი უწყებებისათვის, პანდემიის შედეგად შეცვლილი სამუშაო პირობები (დისტანციური სამუშაო რეჟიმი, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულობა და სხვ.) შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სათანადო უზრუნველყოფის პროცესში. შედეგად, 2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების, ასევე კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით გაცემული პასუხების მაჩვენებელი. 2012 წლის შემდეგ პირველად 2020 წელს ვადის დაცვით გაცემულ პასუხებს აჭარბებდა 10 დღიანი ვადის დარღვევის შემთხვევები“, – წერია გავრცელებულ კვლევაში.

ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი მიგნება:

  • 2020 წელს 285  საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6 258 მოთხოვნიდან  IDFI-იმ  პასუხი მიიღო 5,000 განცხადებაზე (80%);
  • 2020 წელს საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილი 6,258  მოთხოვნიდან, IDFI-იმ  10 დღიანი ვადის დაცვით ინფორმაცია მიიღო  3,043 შემთხვევაში (48%);
  • 2020 წელს საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (30%) უპასუხოდ დატოვა ან უარი განაცხადა მრჩევლის, ექსპერტის და კონსულტანტის პოზიციებზე დასაქმებული პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოწოდებაზე. რიგით მეორე,  ყველაზე დახურული ინფორმაცია დაკავშირებული იყო თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ გავლილი კილომეტრაჟის და საშუალო წვის მაჩვენებლებთან;
  • 2020 წელს, განსაკუთრებით პრობლემური იყო ისეთი მოთხოვნების უპასუხოდ დატოვება, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლასთან იყო კავშირში და შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა.მაგ, მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულებების ასლები, ტურიზმის ამოქმედებისთვის განხორციელებული ღონისძიებები და სხვ.
  • 2020 წელს დაწესებულებათა კატეგორიების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს ან უარი განაცხადეს სახელმწიფო შპს-ებმა და ა(ა)იპებმა (74% უპასუხო, უარი); ხოლო, სრულყოფილი პასუხების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (85% სრულყოფილი) დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებათა ჯგუფში, რომელიც აერთიანებს: აჭარის ა/რ-ის მთავრობა და სამინისტროები, აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.
  • 2020 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით  19-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა (მათ შორის, , სახალხო დამცველის აპარატი, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური);
  • 2020 წელს, IDFI-ის მიერ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად  შეფასდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და  მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა;
  • 2020  წელს მთავრობის ადმინისტრაციის და  იუსტიცის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების  გარდა, კიდევ 13 დაწესებულება (მათ შორის სახელმწიფო ხაზინა) აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც  IDFI-ის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა;
  • ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მიიღო საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  – 92,33%  ხოლო ყველაზე დაბალი იუსტიციის სამინისტრომ (5,45%) და ფინანსთა სამინისტრომ (12,91%) ;
  • 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს 14 ცენტრალური საჯარო დაწესებულებებიდან 10-მა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი გააუარესა.მათ შორის, ფინანსთა სამინისტრო (-45,7%), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (-35,84%) შინაგან საქმეთა სამინისტრო (-30,26%), პრეზიდენტის ადმინისტრაცია (-26,18%);
  • 2020 წელს საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მაჩვენებელი (80%) 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია;
  • 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, სრულყოფილი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 6%-ით შემცირდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების მაჩვენებელი კი 4%-ით გაიზარდა;
  • 2020 წელს სამინისტროებს დაქვემდებარებულმა უწყებების სრულყოფილად გაცემული პასუხების (47%) და უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების (41%) მაჩვენებლები, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია.
  • 2012 წლის შემდეგ, პირველად ვადის დაცვით გაცემულ პასუხებს აჭარბებს 10 დღიანი ვადის დარღვევის შემთხვევები, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, კორონავირუსის პანდემიის პირობებში საჯარო სექტორში სამუშაო პროცესის გართულებამ (დისტანციურ სამუშაო პირობებზე გადასვლა, პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულობა და სხვ.).

IDFI-ის ცნობით, 2020 წელს, განსაკუთრებით პრობლემურად უნდა შეფასდეს, ისეთი საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აკისრიათ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დაცვის ხელშეწყობაში, ასევე პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცესში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ბოლო წლების პრაქტიკა ნათლად აჩვენებს სახელმწიფო შპს-ების და ა(ა)პების მიერ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებულ არასახარბიელო დამოკიდებულებას.

კვლევის მიხედვით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, 2020 წელს გაგზავნილ წერილებზე მიღებული პასუხების მაჩვენებლით (80%) კვლავ, შენარჩუნებულია 2014 წლის შემდეგ დამკვიდრებული 80%-იანი კრიტიკული ზღვარი, რაც უმეტესწილად, ცალკეული საჯარო დაწესებულებების მაღალი ანგარიშვალდებულებით არის განპირობებული.

„ისეთი, საჯარო დაწესებულებები როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა წლების განმავლობაში (მათ შორის კრიზისული მდგომარეობის დროს) ინარჩუნებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელს და  ჯეროვნად ასრულებენ საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას.  სამწუხაროდ, ცალკეული უწყებების მიერ (მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს სისტემა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო ხაზინა  და ა.შ.)  წლების განმავლობაში დამკვიდრებული დაბალი ანგარიშვალდებულების პრაქტიკა, უარყოფითად აისახება  საქართველოს საჯარო სექტორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთო მაჩვენებელზე და მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყანაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესების პროცესს“, – წერია გამოქვეყნებულ კვლევაში.