საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიერ, კორონავირუსთან საბრძოლველად გაღებული ხარჯი 200 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
ეს არის 2020 წლის განმავლობაში დახარჯული თანხები და მის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროსგან IPN-მა გამოითხოვა.
უწყების ინფორმაციით, გაღებული ხარჯები ასე გადანაწილდა:
➤ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან, 2020 წლის განმავლობაში, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად დაიხარჯა 41 549 ათასი ლარი, მათ შორის სამედიცინო სახარჯი მასალის და აღჭურვილობის ღირებულება შეადგენს 15 472 ლარს.
➤ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში, საქართველოსა და “რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის” და “აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს” შორის სასესხო შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის განმავლობაში დახარჯულია ჯამში 45 787 829 აშშ დოლარი. მათ შორის:
◾ მედპერსონალის ეკიპირებაზე პირადი დაცვის სამედიცინო საშუალებების კუთხით დაიხარჯა 1 649 120 აშშ დოლარი;
◾ შესყიდული სადიაგნოსტიკო მასალის, მათ შორის ტესტების საერთო ღირებულებამ შეადგინა 29 385 947 აშშ დოლარი.
➤ რაც შეეხება სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, კოვიდ-19-ის მართვის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას დაექვემდებარა შემდეგი თანხები:
◾ კარანტინის ღონისძიებების უზრუნველყოფა – სამედიცინო მეთვალყურეობა – 107 807 ლარი;
◾ საკარანტინო სივრცეების სასტუმრო მომსახურება – 465 598 ლარი;
◾ საკარანტინო სივრცეების სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფა- 3 162 973 ლარი;
◾ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვა (დიაგნოსტიკა/ მკურნალობა) – 6 327 092 ლარი;
◾ სამედიცინო დაწესებულებების მობილიზება (საწოლფონდი) – 62 080 920 ლარი;
◾ სამედიცინო დაწესებულებებისთვის, დამატებითი პერსონალის მობილიზება- 26 191 ლარი;
◾ მობილიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული იმ პერსონალის დამატებით ანაზღაურება, რომელიც კოვიდ-19-ის მართვაშია ჩართული – 6 307 261 ლარი;
◾ საკარანტინო სივრცეების საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მეშვეობით მართვა -19 656 ლარი;
◾ საკარანტინო სივრცეების ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მეშვეობით სამედიცინო დანიშნულების საგნებით, პირადი დაცვის საშუალებებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფა – 796 968 ლარი.
უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს პირადი დაცვის საშუალებების შესყიდვაზე 19 176 911 ლარი დახარჯა. მათ შორის:
◾ სამშრიანი პირბადეების შესყიდვაზე 5 802 332 ლარი;
◾ სამედიცინო კომბინიზონებზე 8 733 354 ლარი.