LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა გამოვლინდა

50
Untitled design

2020 წელს, მთელი წლის განმავლობაში, კვლავ მაღალი იყო ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები – ამის შესახებ საუბარია სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა დღეს წარადგინა.

სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება:

❗  2020 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა გამოვლინდა;

❗  აღირიცხა არასრულწლოვანთა სუიციდის 14 შემთხვევა;

❗  დაფიქსირდა სუიციდის მცდელობის 54 ფაქტი.

სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ მონაცემების მიუხედავად, უშუალოდ, ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა მომსახურების მიზნობრივი სახელმწიფო სერვისი ამ დრომდე დანერგილი არ არის:

“კვლავ პრობლემურია ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, რისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების კადრების დროულ გაზრდას. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 268 სოციალურ მუშაკსა და 12 ფსიქოლოგს უწევს სხვადასხვა პრობლემის მქონე ათასობით არასრულწლოვანთან მუშაობა. გამოწვევად რჩება ასევე, ბავშვთა სუიციდის პრევენცია. 2020 წელს არასრულწლოვანთა სუიციდის 14, ხოლო სუიციდის მცდელობის 54 შემთხვევა აღირიცხა. საკითხის სიმწვავის მიუხედავად, სახელმწიფოს ამ დრომდე არ შეუმუშავებია მისი აღმოფხვრის კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.” – აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველი ასევე ყურადღებას ამახვილებს დისტანციური სწავლების პროცესსა და ამ პროცესით გამოწვეულ პრობლემებზე:

“პრობლემები გამოიკვეთა დისტანციური სწავლების პროცესშიც, რაც რისკის ქვეშ აყენებს ბავშვების ნაწილის განათლების უფლებას, განსაკუთრებით, რეგიონებსა და სიღარიბეში მცხოვრებ არასრულწლოვნებთან მიმართებით. კვლავ მაღალია მოსწავლეების მიერ სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიამ მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საქართველოში, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვიანი ოჯახების რიცხვი 71 766-დან 87 527-მდე, აღნიშნულ პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანი ბენეფიციარების რიცხვი კი – 152 353-დან 186 131-მდე გაიზარდა.” – წერია დოკუმენტში.

2020 წლის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ სეზონურ სამუშაოებში, შინამეურნეობებსა და საზღვარგარეთ დროებითი შრომითი მიგრაციის დროს, არასრულწლოვნები არ არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში:

“ამ პერიოდში მათ თავიანთი ასაკისა და ფიზიკური განვითარებისათვის შეუსაბამოდ მძიმე, დატვირთული გრაფიკით და არაჯანსაღ გარემოში უწევთ მუშაობა. ხშირად, ასევე არ აქვთ სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები. პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები.

კვლავ პრობლემად რჩება რელიგიურ სკოლა-პანსიონებში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მონიტორინგის საკითხი. საყურადღებოა ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის შემთხვევა, რომლის წარმომადგენლობა სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია, რაც უკიდურესი საფრთხის ქვეშ აყენებს პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის საკითხს და ზრდის პანსიონებში ისედაც მაღალი ხარისხით არსებული ინსტიტუციური ძალადობის რისკს.” – აღნიშნულია გავრცელებულ ანგარიშში.

სახალხო დაცველის აპარატმა 2020 წლის ანგარიში დღეს წარადგინა. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, გენდერული თანასწორობა, შრომის კანონმდებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და სხვა.