ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული აცხადებს, რომ “საქართველოს ავიახაზების“ მიერ 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ საქართველოს 7 მოქალაქე. მისივე განცხადებით, ისინი სავარაუდოდ, დღესვე შეძლებენ გამგზავრებას დანიშნულების მიხედვით.
„როგორც ცნობილია, ბარსელონაში შექმნილი სიტუაციისა და თვითმფრინავის მიღების და ეკიპაჟის უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო, თბილისიდან 20 ოქტომბერს დაგეგმილი რეისი ბარსელონის მიმართულებით არ განხორციელდა და შესაბამისად, გაუქმდა ბარსელონა-თბილისის რეისიც. საქართველოს ავიახაზების მიერ მოქალაქეებისთვის შეთავაზებული იყო შექმნილი ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ყველა მგზავრმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. რეისის გაუქმების შედეგად შექმნილი ვითარების გამო ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულო დაუყოვნებლივ ჩაერთო პროცესში და გენკონსულმა პირადად მოინახულა აეროპორტში მყოფი მოქალაქეები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ბარსელონას აეროპორტიდან თბილისში დაბრუნებას რამდენიმე საათი უშედეგოდ ელოდებოდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.