LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით არ იზრდება მერიის მაღალჩინოსანთა ხელფასები – ირაკლი ზარქუა

ირაკლი-ზარქუა

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში გარკვეული ზრდა ფიქსირდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯების მიმართულებით, განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

მისი განმარტებით, არ იზრდება მერის, მისი მოადგილეების, საქალაქო სამსახურის უფროსისა და საკრებულოს წევრების ხელფასები, არამედ აღნიშნული თანხა მიმართული იქნება რიგითი თანამშრომლების ზეგანაკვეთური შრომის ასანაზღაურებლად.

„საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ არ მოჰყვეს ამ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან, ამ ხარჯებიდან მნიშვნელოვანი წილი, 13 მილიონი ხმარდება ავტობუსების შეძენისთვის აღებული სესხის მომსახურებას. იზრდება შრომის ანაზღაურების მუხლიც და პროექტით შეადგენს 86 მილიონ ლარს.

ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ მატება არ ეხება არც მერის, არც მისი მოადგილეების, არც ერთი საქალაქო სამსახურის უფროსისა და არც საკრებულოს წევრების ხელფასებს. აღნიშნული თანხები მიმართული იქნება რიგითი თანამშრომლების ზეგანაკვეთური შრომის ასანაზღაურებლად,“- აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მისი განცხადებით, პროექტის მიხედვით, ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და აღდგენაა, რისთვისაც 105 860 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამასთან, კიდევ ერთი პრიორიტეტი იქნება ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება, რასაც ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 174 მილიონი ლარი უნდა მოხმარდეს.

ცნობისთვის, წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა 871 631 510 ლარია. 2019 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 10 მილიონი ლარით იზრდება.

ირაკლი ზარქუას თქმით, თბილისში განხორციელდება მოცულობითი ინფრასტრუქტურული პროექტები: კახეთის გზატკეცილზე აეროპორტის კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე გზის რეკონსტრუქცია, სარაჯიშვილის გამზირზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია, უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ასევე 10-მდე ხიდისა და სხვა ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

„კვლავ პრიორიტეტულია ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, რისთვისაც 2019 წლის ბიუჯეტში 93 მილიონი ლარია გამოყოფილი. შენარჩუნებულია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პრიორიტეტული პროგრამა.

განათლების დაფინანსებას მომავალ წელს 159 მილიონი ლარი მოხმარდება, რომლითაც იზრდება საბავშვო ბაღების დაფინანსება 36 მილიონით, ასევე თბილისს 10 ახალი ბაღი შეემატება,“ – აღნიშნა ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში მომავალი კვირიდან დაიწყება. ირაკლი ზარქუას ინფორმაციით, გადამუშავების პროცესში გარკვეული კორექტირება იქნება შეტანილი და საკრებულოს რეკომენდაციები მერიას ეცნობება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები