ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარსა და ქვეყნის სამხარეო რწმუნებულებს 2019 – 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის თანახმადაც უახლოესი 3 წლის განმავლობაში აღნიშნული სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. შედეგად, ქვეყანაში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული, მათ შორის, ისეთ დასახლებებში, სადაც გაზის მიწოდება არასდროს მომხდარა.
თურნავას განცხადებით, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა სამინისტრომ მთავრობის დავალებით მოამზადა, რომელიც მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება. მისი შეფასებით, გაზიფიკაციის გეგმა არის ძალიან მასშტაბური და ამბიციური, შედეგად, ბევრ რეგიონში გაზიფიცირების მაჩვენებელი 100 პროცენტს მიუახლოვდება. მთლიანობაში, გაზიფიცირებული აბონენტების რიცხვი საქართველოში 1,6 მლნ აბონენტს მიაღწევს, რაც 90 პროცენტზე მეტია.
„გაზიფიცირების შედეგად ჩვენ მივაღწევთ რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს – საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი ბუნებრივი აირის მომხმარებელი გახდება, ყოველივე მნიშვნელოვნად შეამცირებს ხე-ტყის გამოყენებას საოჯახო მეურნეობებში, რაც დადებითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე,“ – განმარტა ნათია თურნავამ.