LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედისერთები – მსოფლიო ტენდენცია საქართველოზეც აისახა

მთელ მსოფლიოში მშობლების უმეტესობა, იღებს გადაწყვეტილებას, რომ მხოლოდ ერთი შვილი იყოლიოს – ეს უახლესი ტენდენციაა.

საქართველოში თვლიან, რომ ოჯახში სულ მცირე ორი ბავშვი მაინც უნდა იყოს, რადგან ჯერ კიდევ არსებობს მითები იმის შესახებ, რომ დედისერთა ბავშვები ეგოისტები და მარტოსულები არიან. ამის მიუხედავად, საქართველოში ახალგაზრდა ოჯახებში დედისერთები ჭარბობენ.

ჩვენს ქვეყანაში ერთი ბავშვი (18 წლამდე ასაკის) 218120 ოჯახს ჰყავს, ორი ბავშვი 199863 ოჯახს, სამი კიდევ უფრო ნაკლებს – 50790 – აღნიშნული ინფორმაცია „ფორტუნამ“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა და ის 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს ეყრდნობა.

ასე ხდება მსოფლიოშიც – აშშ-ში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ინდოეთში და ევროპის უმეტეს ქვეყნებში უფრო და უფრო მეტი მშობელი „ჩერდება“ ერთ ბავშვზე.

რა განაპირობებს ამ საერთო არჩევანს, მსოფლიოს სრულიად განსხვავებულ ხალხებში? – ამაზე ორი განსხვავებული მიზეზია: კარიერისტებს, უფრო ნაკლები დრო რჩებათ ოჯახისთვის, ქვეყნების ნაწილში, ბავშვის გაზრდა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

შესაბამისად, სახელმწიფოებს, სადაც დემოგრაფიული პრობლემები დგას და მისი გადაჭრა სურთ, მოუწევთ, მშობლებს უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდონ.

რადგან არასდროს ყოფილა მსოფლიოში პოპულაციის ზრდის ტემპი ისეთი ნელი, როგორც ახლა. ეს ზრდაც ძირითადად ისეთი ოჯახების ხარჯზე ხდება, რომლებსაც ბავშვების გაზრდისთვის საჭირო თანხები არ აქვთ, თუმცა ამას და მათი და მათი შვილების ცხოვრების ხარისხსა და განათლებას, დიდ ყურადღებას არ აქცევენ…