გადაცემას „რადიო დუეტი“ აჩიკო ნიჟარაძე ესტუმრა. მომღერალმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, ახალი სიმღერა წარადგინა და „ოქროს ტალღის“ შესახებაც გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. ის წელს კონკურსში პირველად მონაწილეობს და მისი ორი სიმღერაა წარმოდგენილი.
რა ხდება შენსკენ ახალი?
დაახლოებით ერთი თვის წინ „ქართულ ხმებთან“ ერთად აშშ-ს ოთხ შტატში გვქონდა კონცერტები. მოკითხვას გადავცემ აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს. ეს ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი იყო საზღვარგარეთ. ახლა უკვე ახალ პროექტს ბენდთან ერთად ვამზადებთ. „ქართული ხმები“ და მე ქართული სიმღერის პოპულარიზაციით ვართ დაკავებულები და რაც უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთება, ძალიან კარგი იქნება. ახალი პროექტის ფარგლებში იქნება ძველი სიმღერების გარემიქსებული ვერსიები, იქნება ახალი სიმღერებიც. დაახლოებით ერთ თვეში ვგეგმავთ საქართველოს მასშტაბით პრეზენტაციას და უკვე შემდეგ ისევ საზღვარგართ გატანას. რეპერტუარს ჩვენ თავადვე ვარჩევთ, დიდი ხანია სცენაზე ვართ და გამოცდილება დავაგროვეთ. ვიცით რა მოსწონს მსმენელს და რომელი სიმღერა გაამართლებს. რაც შეეხება საზღვარგარეთ მოლაპარაკებებს, ამ საქმით მე და ზურა ბაკურაძე ვართ დაკავებულები. ცოტა ხანში კვიპროსზე წავალთ ერთად.
კონკურსი „ოქროს ტალღა“ უკვე გააქტიურდა, შენი ორი სიმღერაა წარდგენილი…
პირველად ვიღებ დაჯილდოვებაში მონაწილეობას. რომ არ მოგატყუო, წინა წლებში აქტიურად ჩართული ვერ ვიყავი. ეხლა უკვე მთლიანად ჩავერთვები ჩემს მუსიკალურ კარიერაში. იყო რაღაც პერიოდები ჩემს ცხოვრებაში, სადაც უფრო მეტი ყურადღება იყო საჭირო. გავედი რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზეც. ახლა უკვე მზად ვარ „ოქროს ტალღისთვის“. ვფიქრობ, ლილიკო ნემსაძის ამ სიმღერას შეუძლია დანარჩენ მონაწილეებს კონკურენცია გაუწიოს. არანჟირება ნიკა მემანიშვილმა გაკეთა. მეორე სიმღერის ავტორი მაცაცო სეფისკვერაძეა. ვისაც ქართული სიმღერა უყვარს და იცის ჩემი შემოქმედება, მათგან მხარდაჭერას ველი. მე კი ვპირდები მსმენელს, რომ სოლო კონცერტს შევთავაზებ. 15 წელი გადის, რაც სცენაზე ვარ. თავიდან უფრო მეტად ვიყავი დაკავებული კონკურსებით. ბევრი პროფესიონალის მხარდაჭერა მქონდა. კონკურსი მჭირდებოდა იმისთვის, რომ მსმენელისთვის ხმა მიმეწვდინა. წელს ვგეგმავ სოლო კონცერტის გაკეთებას, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მუსიკალურად ძალიან გამართული უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ამ სტილს, რასაც მე ვმღერი, დროთა განმავლობაში სულ უფრო ნაკლები შემსრულებელი მისდევს. ეს არ არის კომერციული მიმართულება და რთულია, თავი გაიტანო. მე ვმუშაობ, მაქვს ჩემი შემოსავალი და ამიტომ არ ვწერ უხარისხო სიმღერას. თუ არ მინდა, იმ სიმღერას არ ვმღერი.
კლიპი არ გაქვს…
დიახ, სურვილი მაქვს რა თქმა უნდა. კლიპი ცოტა თანხა არ ჯდება. სასწორზე რომ დავდოთ, იმ თანხად, რაც კლიპი დამიჯდება, შემიძლია ათი კარგი სიმღერა გავაკეთო. კლიპი უცბად მოგიტანს პოპულარობას, მაგრამ ათი ახალი სიმღერა ბევრად მნიშვნელოვანი მგონია. თუ იქნება საშუალება, გამოჩნდება სპონსორი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. სამწუხაროა, რომ არ არსებობს მუსიკალური არხი.
რომელ სტუდიასთან თანამშრომლობ?
ყველასთან. უნდა იცოდე, რომელი სიმღერა სად უნდა მიიტანო.
ახალ სიმღერაზე მოგვიყვი…
ლილიკო ნემსაძის სიმღერაა, ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. ნიკა მემანიშვილმა გააორკესტრა. ახალი დაწერილია, თუმცა ხშირად არ ჟღერდა. ზურა მახნიაშვილმა გააკეთა არანჟირება. „მე და შენ“ – ასე ქვია ამ სიმღერას. კონცერტებზე მიმღერია, მაგრამ რადიო ეთერით პირველად გავა. მთლიანობაში 40-მდე სიმღერის ჩანაწერი მაქვს, ისე კი გაცილებით მეტი სიმღერაა ჩემს რეპერტუარში.
აჩიკო ნიჟარაძე – მე და შენ
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
აჩიკო ნიჟარაძე. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები