LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისიამოვნეთ ევროპით: ბედნიერი მგზავრობა

გადაცემას ”კანონის ფარგლებში” ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი ნინო გახარია ესტუმრა.

რა როლი ჰქონდა შს სამინისტროსავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებაში

ეს არის საზეიმო, ღირსშესანიშნავი და ისტორიული მოვლენა საქართველოსთვის, ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას მივულოცავ ამ მოვლენას. უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა თავისი არსით არა მხოლოდ ტექნიკური ბარიერების მოხსნაა საქართველოსთვის, არამედ ეს არის აღიარება ევროპისგან და მეტი შესაძლებლობის მიცემა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის. პროცესი დაიწყო 2013 წელს, როდესაც საქართველოს სამოქმედო გეგმა გადმოეცა. შსს-ზე მიღებული ვალდებულებების დაახლოებით 60% მოდიოდა და უმრავლეს მათგანში სამინისტრო წარმოადგენდა წამყვან უწყებას, ხოლო გარკვეულ საკითხებში სხვა უწყებებთან თანამშრომლობით იყო ჩართული. ევროკავშირმა ფაქტიურად აღიარა, რომ საქართველოს საზღვრები იმავე სტანდარტებით არის დაცული, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში. შსს-ში შეიქმნა სპეციალური დანაყოფი არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისათვის. ასევე, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რადგან სამწუხაროდ ბევრ ქვეყანაში ქართველები არაკეთილსინდისიერად იქცევიან. ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა, ტრეფიკინგთან ბრძოლა და ზოგადად საპოლიციო თანამშრომლობა იყო ის თემები, რაც შსს-ს ებარა.

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები შეფასდა დადებითად, საბოლოო შედეგი მივიღეთ 2017 წელს. ეს ორი წელიწადი სკეპტიკური ქვეყნების დარწმუნებას  დასჭირდა. საჭირო იყო 28 ქვეყნის დამატებითი თანხმობა და შსს ძალიან აქტიურად იყო ჩართული. შს მინისტრის დელეგაციამ ყველა სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნის დედაქალაქი მოიარა. განსაკუთრებით სკეპტიკურად საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი იყო განწყობილი, რადგან ამ ქვეყნებში ყველაზე მეტი არაკეთილსინდისიერი ქართველი ცხოვრობს. ჩასული ქართველები ითხოვენ თავშესაფარს, რომლის პროცედურასაც სამი თვე სჭირდება და ამ დროში სჩადიან გარკვეულ სამართალდარღვევებს. დღეს გვაქვს საპოლიციო თანამშრომლობის ხელშეკრულებები,  გვყავს პოლიციის ატაშეები, რომლებიც უშუალო კავშირში არიან სამართალდამცავ უწყებებთან და 24 საათის განმავლობაში ვცდილობთ ერთად აღვკვეთოთ ეს პრობლემა.

რას გულისხმობს შენგენის სივრცეში უვიზო რეჟიმი, რა წესები უნდა დაიცვან საქართველოს მოქალაქეებმა?

ეს არის საკითხი, რომელიც ზეპირად უნდა იცოდეს ყველა მოქალაქემ. უვიზოდ მოგზაურობა მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოქალაქეს შეუძლია. გარდა პასპორტისა, უნდა დავიცვათ ჩვენი ვიზიტის ხანგრძლივობა – 90 დღე ყოველი 180 დღის განმავლობაში. ასევე, საჭიროა ყველა ის საბუთი იყოს წესრიგში, რასაც შენგენის სივრცეში შესვლის წინ მესაზღვრეები ითხოვენ: სამოგზაურო დაზღვევა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, ფინანსური დასაბუთება, სასტუმროს ჯავშანი ან კერძო პირისგან მიწვევა. სხვა დეტალების გასაცნობათ ესტუმრეთ საგარეო სამინისტროს ვებ გვერდს.

თუ აქვს ქართველ მესაზღვრეს უფლება არ გაუშვას მოქალაქე საზღვარზე?

სავიზო რეჟიმისთვის ზმადება იმ დღესვე დაიწყო, როდესაც ჩვენ საბოლოო პოზიტიური შედეგი მივიღეთ, დაახლოებით ერთი თვის წინ. ყველა მესაზღვრე კონტროლიორს გავატარეთ ტრენინგი, ისინი სრულად არიან წესების შესახებ ინფორმირებულნი.

28 მარტისთვის გამოიცა შს მინისტრის ბრძანება, რომელიც მესაზღვრე კონტროლიორებს ავალდებულებს შეამოწმონ ყველა სავალდებულო დოკუმენტაცია და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე არ არის წესრიგში, მესაზღვრე უფლებამოსილია მოქალაქე გააფრთხილოს, თუმცა საზღვარზე აუცილებლად გაუშვებს. დამატებით, პრემიერ მინისტრის ინიციატივიოოთ შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომელიც დაიანგარიშებს დღეებს საქართველოს საზღვარზე გასვლის დღიდან და თუკი ისინი არ გადმოკვეთენ საზღვარს 90 დღის განმავლობაში, ჩვენ ჩვენს კოლეგებს ევროკავშირში ამის შესახებ ვაცნობებთ.

რა ბედი ეწევა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც დაარღვევენ უვიზო რეჟიმით სარგებლობის  წესებს?

ყველა შენგენის სივრცის ქვეყანას აქვს ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე ინდივიდუალური მოთხოვნა, მაგრამ ძირითადად, ეს არის ჯამი 3000 ევრომდე, ან აკრძალვა შენგენის სივრცეში შესვლის თაობამდე, რომელიც ხუთ წლამდე ვადით განისაზღვრება. აქ საუბარია მხოლოდ ვადების წესების არ დაცვაზე და არა სამართალდარღვევაზე, ავტომატურად მოქმედებაში მოდის საქართველოს ევროკავშირთან დადებული რეადმისიის შესახებ შეთანხმება. ჩვენ ვეხმარებით კონკრეტულ ქვეყანას კონკრეტული პირის იდენტიფიკაციაში, საგარეო საქმეთა სამსახურები უზრუნველყოფენ სამოგზაურო დოკუმენტაციის მომზადებას და ხდება უკან, საქართველოში დაბრუნება. რეადმისიის სამსახური შედის შსს-ს კომპეტენციაში და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ამ კუთხით, რაც ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2011 წლიდან 7 000-მდე საქართველოს მოქალაქის იდენტიფიცირების რეადმისიის თხოვნით მოგვმართა სხვადასხვა ქვეყანამ და 95%-ში მოვახდინეთ მათი იდენტიფიცირება და მათი უკან დაბრუნებისთვის ხელშეწყობა.

კიდევ რა ღონისძიებები უნდა განახორციელოს შს სამინისტრომ  რათა მიღწეული შედეგი  და პოზიტიური დინამიკა შენარჩუნეს?

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა შევინარჩუნოთ სანდო პარტნიორის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ფორმალურად შესაძლოა დასრულდა, თუმცა საქართველოს მიმართ კვლავ გაგრძელდება აქტიური შემოწმება და კონტროლი ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან. განსაკუთრებული აქცენტი ისევ იქნება ორგანიზებული დანაშაულის თემატიკაზე. დიდია სკეპტიკური ქვეყნების ინტერესი და მოლოდინი, რომ უვიზო რეჟიმით გაიზრდება არაკეთილსინდისიერი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, ამიტომ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ პოზიტიური დინამიკა. მნიშვნელოვანია რეადმისიის პროცედურა, ეს არის საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შესაძლებლობა და გარკვეულწილად ნებაყოფლობითი პროცესია. თუკი საქართველოს მოქალაქე დაარღვევს სავიზო რეჟიმის წესებს რომელიმე ქვეყანაში, მაშინ უკვე იწყება მისი იძულებით გამოძევების პროცედურა და შსს სწორედ ის უწყებაა, რომლის საშუალებითაც ხდება მოქალაქეების უკან დაბრუნება. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ 4 აპრილს თბილისში ევროპოლთან ხელს მოვაწერთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას და გავხდებით ევროპოლის არაწევრი პარტნიორი ქვეყანა.

მინდა საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ განსაკუთრებული რუდუნებით მოვეპყროთ ამ სიკეთეს. რაოდენ რთულიც იყო შედეგების მიღება, ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს შეჩერება. თუ რომელიმე ქვეყანა შეატყობს, რომ ქართველ არალეგალთა ციფრი იზრდება, მათ აქვთ შეჩერების მექანიზმი. ამიტომ, ყველას გთხოვთ, გავიაზროთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა.

ენიჭება თუ არა საბანკო ვალდებულებებს მნიშვნელობა?

ევროკავშირის მესაზღვრეს მსგავს ინფორმაციაზე წვდომა არ აქვს და არც აინტერესებს თუ თქვენი ნაღდი თანხა საკმარისია ევროკავშირში ვიზიტისთვის. სასტუმროს გარდა დღიურად მინიმუმ 50 ევროა საჭირო, მაგრამ თუ თქვენს ქვეყანაში ბანკის ვალი გაქვთ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

თუ მოქალაქეს წარსულში რომელიმე ქვეყნის ვიზაზე უარი ეთქვა, აქვს თუ არა ამას ახლა მნიშვნელობა?

გააჩნია რა მიზეზით ეთქვა უარი. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ერთიანი საინფორმაციო სივრცე, რომელიც ყველა მესაზღვრისთვის არის ხელმისაწვდომი. ყველა მესაზღვრეს აქვს დისკრეცია შეგვიშვას, ან არ შეგვიშვას, თუნდაც ყველა საბუთი წესრიგში იყოს.

კარგი ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია, ცხადია. როგორც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა გვითხრა, ისიამოვნეთ ევროპით, მინდა ყველას ვუსურვო წარმატებული მოგზაურობა და ნამდვილად, ისიამოვნეთ ევროპით.