„ექსკლუზივის“ პირველი ნაწილის სტუმარი მომღერალი მალიბუ ტუღუში იყო. გადაცემის ფარგლებში შედგა მისი ახალი სიმღერის „Where“ პრემიერა.
– მალიბუ, როგორია შენი განწყობა?
– ძალიან კარგი, ძალიან მომწონს აქაურობა.
– როგორ გაჩნდა სიმღერის შექმნის იდეა, რომლის პრემიერაც დღეს ჩვენს სტუდიაში შედგება?
– სტუდიაში ვიყავი და „ევროვიზიის“ შიდა შესარჩევი ტურისთვის ვემზადებოდი. უცებ წავიმღერე დასაწყისი, მეგობრებიც ამყვნენ და ნახევარ საათში სიმღერა მზად იყო. ძალიან მარტივად შეიქმნა.
– რა კონკრეტული გზავნილებია ამ სიმღერაში?
– რეალურად, ეს სიმღერა არის ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მიდმივად რაღაცას გაურბის და ვერ გარკვეულა, რა უნდა სინამდვილეში.
– რა მოლოდინები გქონდა „ევროვიზიის“ მიმართ და რატომ არ გამართლდა?
– მოლოდინი დიდი მქონდა და 25 ადამიანიდან ტოპ 3-ეულში მოხვედრა უკვე დიდი მიღწევაა. ქართულ ესტრადაზე მხოლოდ ერთი წელია ვარ და ვფიქრობ, რომ უკვე კარგია. სიმღერის ტექსტიც, მელოდიაც და შინაარსიც ძალიან კარგი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავიმარჯვე.
– რა მოხდა რეალურად?
– რეალურად გაიმარჯვა თამარ გაჩეჩილაძემ, მეორე ადგილზე გავიდა ნუცა ბუზალაძე და მესამეზე – მე. ჟიურის გადაწყვეტილებით მეორეზე მე ვიყავი, მაგრამ ნუცამ მესიჯებით გამასწრო. ეს იყო სიმღერა, რომელიც მინდოდა ამ კონკურსზე მემღერა და ხალხს ძალიან უნდოდა, რომ „ევროვიზიაზე“ მე წავსულიყავი, მაგრამ სხვამ გაიმარჯვა.
– გულდაწყვეტილი ჩანხარ… ხომ არ ფიქრობ, რომ არჩევანი შედარებით კარგად დამკვიდრებულ მუსიკოსზე სპეციალურად შეარჩიეს?
– მუსიკოსზე ნაკლებად… მომღერალზე. მუსიკოსი არის ადამიანი, რომელიც ქმნის საკუთარს და მომღერალი უბრალოდ მღერის სხვის სიმღერებს. მეც ვფიქრობ, რომ პრიორიტეტი თაკოს შოუს მიენიჭა, რომელიც მეც ძალიან მომეწონა. მაგრამ მირჩევია, მაყურებლამდე სიმღერით მივიდე და არა ვიდეოებით.
– შენი აზრით, თაკოს რამდენად აქვს შანსები?
– ეს თემა, რომ მსოფლიოში ტერაქტებია და ომია, ჩემი აზრით, მომაბეზრებელია. ერთადერთი კონჩიტა იყო, რომელმაც თავისი სათქმელი ვიზუალით თქვა და არა შოუთი. სანამ იმაზე ვიფიქრებთ, რომ ადამიანი ორიენტაციის მიხედვით განვსაჯოთ, არანაირი შანსი არ გვაქვს.
– ერთ-ერთ შოუში სტუმრობის შემდეგ, სადაც არატრადიციულ ორიენტაციაზე ისაუბრე, შენ თქვი, რომ ერთ დღეს შეიძლება შეგიყვარდეს გოგო. მოგვიანებით კი დაწერე, რომ „კაი მთქმელს კაი გამგონი უნდა“…
– მე სულ სხვა რაღაც ვთქვი, ხალხმა ლესბოსელად მიმიღო, არადა ვთქვი, რომ შეიძლება ბისექსუალი გავხდე ერთ დღეს – მეთქი. მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების მიმართ სხვა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს და არავინ იცის ხვალ რა ელოდება. სულ ეს იყო, რაც უნდა მეთქვა. ხალხს როგორც სურს, ისე მიიღებს ყოველთვის.
– რა მოგცა კონკურსმა, რომლისგანაც საზოგადოებამ გაგიცნო?
– რომ არა ეს კონკურსი, ვერ გამიცნობდა საზოგადოება და ვერ მომისმენდნენ დღეს. რაც არ უნდა ბევრი მემუშავა, მონაწილეობა რომ არ მიმეღო, ვერ გავაკეთებდი იმდენს, რამდენიც გავაკეთე.
– რა ხდება დღეს ქართულ შოუ-ბიზნესში?
– სულ ამბობენ, რომ საქართველოში შოუ-ბიზნესს არაფერი ეშველება, თუმცა მე მგონია, რომ მომღერლები, რომლებსაც დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე და სხედან სახლში და ხანდახან ქმნიან ქავერებს და არა საკუთარ სიმღერებს, რა თქმა უნდა იქნება კრიზისი. რეალურად, არ არსებობს ხალხი და როგორ განვითარდება? ვის შორის უნდა გაკეთდეს არჩევანი, როდესაც თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები ქმნიან დღეს სიმღერებს?
– ალბომის გამოშვებას თუ გეგმავ?
– კი ვაპირებ, ათი სიმღერა შევა დისკში. კომერციულად ალბათ ვერ იქნება წარმატებული, თუმცა საქართველოს გარდა არსებობს ბევრი სხვა ქვეყანა, რომელიც ახალ, ნიჭიერ სახეებს ეძებს.
– როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– ბევრი გეგმა მაქვს, მაგრამ მათზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. იმედი მაქვს, ყველაფერი გამოვა. ალბომზე რომ დავასრულებ მუშაობას, რამდენიმე ქალაქში კონცერტებს გავმართავ.
– ალბომი ქართველ მსმენელზე არის გათვლილი?
– არა, რა თქმა უნდა.
– სად შეიძლება მსმენელმა მოგისმინოს?
– ჯერ-ჯერობით არსად, რადგან არ მაქვს ამისი დრო. დღე და ღამე ვარ სტუდიაში და ვმუშაობ ალბომზე. უკვე ნახევარი თითქმის მზად მაქვს.
– წარმატებებს გისურვებ.
გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი ჯგუფ Papanusi-ს ფრონტმენი იყო.
– რომელ ჟანრში მოღვაწეობს თქვენი ჯგუფი?
– უფრო როკი, მაგრამ ეს სიმღერა გამოვიდა რეგი.
– როგორ შეიქმნა ეს ჯგუფი?
– აქამდე ვიყავი „ტეტანუსში“, 3-4 წელი იარსება ამ ჯგუფმა. მერფე იყო „რეგიონი“, სადაც მივიღე გამოცდილება და დაახლოებით ერთი თვის წინ შევქმენით Papanusi.
– რამდენი ადამიანისგან შედგება ჯგუფი?
– სავარაუდოდ სამი (იცინის), ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული ესეც.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ალბათ უფრო დავიხვეწებით, ბევრ ჟანრს მოვსინჯავთ და ვეცდებით საინტერესო მასალა შევქმნათ.
– რატომ ჰქვია ახალ სიმღერას „სიმღერა“?
– ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს დავარქვით ის, რაც ჰქვია?
– კლიპის გადაღებას თუ აპირებთ?
– ანიმაციას ვქმნი თავად და უახლოეს მომავალში მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს.
– როგორც ვიცი, რუსთავში მოღვაწეობ, სადაც საკმაოდ გემოვნებიანი მსმენელია, რას ელოდები მათგან?
– იმედია მოეწონებათ. მსუბუქი სიმღერაა და მელოდიური.
– წარმატებებს გისურვებ.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი