LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს თბილისს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ექნება

148

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით,  დასრულდა და დედაქალაქის მერიას ჩაბარდა თბილისის ზღვის განვითარების გენერალური გეგმა. კვლევის მიხედვით, ტერიტორია 12 ფუნქციურ ზონად დაიყოფა.

დავით ნარმანიას თქმით, კვლევაში მოცემულია ასევე, 40 ბიზნეს ინიციატივა, რომელთა განხორცილებაც ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია.

„დეტალური ანალიზის საფუძველზე, კვლევამ შემოგვთავაზა თბილისის ზღვის შემოგარენის ძირითადად სარეკრეაციო დანიშნულებით განვითარება და ტერიტორიის 12 ფუნქციურ ზონად დაყოფა. კვლევაში მოცემულია ასევე 40  ბიზნეს ინიციატივა, რომელთა განხორციელება პირველადი  ფინანსური  გათვლებით, მიზანშეწონილია ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია შემოთავაზებული ბიზნეს ინიციატივების გავრცობა, საინვესტიციო შეთავაზებად ჩამოყალიბება და პოტენციური ინვესტორებისთვის წარდგენა ინვესტიციების მოზიდვისა და ზღვის შემოგარენი ტერიტორიების განვითარების მიზნით.  აღსანიშნავია, რომ 2016 წელს თბილისი გახდა „100 მედეგი ქალაქის“ წევრი.

დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე ასევე, განაცხადა, რომ 2017 წელს თბილისს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ექნება. თბილისის მერის თქმით, დოკუმენტზე საერთაშორისო კონსორციუმი და დარგის 200-მდე სპეციალისტი მუშაობს.

„გეგმა ისეთ ძირეულ პრინციპებს ითვალისწინებს, როგორიცაა:  თბილისი – ჯანმრთელი, მწვანე, ტოლერანტული, საცხოვრებლად მოსახერხებელი, კომპაქტური, რესურსდამზოგავი, ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული უნიკალურობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული, “ჭკვიანი ქალაქი” (Smart City). აქვე გეტყვით, რომ გენ.გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, ჩემი ინიციატივით, „თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში“ განხორციელდა ცვლილებები, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლებზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გაზრდაზე შეზღუდვა დაწესდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.