გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ”თბილისური კვარტეტი” ესტუმრა. მისი წევრები არიან: თემო რიჟამაძე, ლუკა ანთიძე, ილია და დაჩი ბახუაშვილები.
თბილისობისთვის თუ ემზადებით?
დიახ, 16 ოქტომბერს ერთსაათიანი პროგრამით წარვდგებით მსმენელის წინაშე, რიყეზე.
თემო, მოგვიყევი რა ხდებოდა თქვენთან უახლოეს წარსულში?
შემოქმედებითად აქტიურები ვართ. ვიყავით საზღვარგარეთაც, ბოლო ვიზიტი ყაზახეთში გვქონდა, სადაც ქვეყნის პირველი პირიც იმყოფებოდა, როდესაც ჩვენ ვმღეროდით, პრეზიდენტმა
კონცერტი შეაჩერა, ამოვიდა სცენაზე, მოგვიკითხა, არავინ ელოდა ამას… დიდი ემოციით დავიმუხტეთ. მან გვთხოვა ”მრავალჟამიერი” მიკროფონის გარეშე გვემღერა.
საკმაოდ გაზრდილები ხართ, მუსიკალურად, პროფესიონალურად, როგორ შეაფასებთ თქვენს გავლილ გზას და რა ეტაპზე ხართ ახლა?
თემო: – ამ სფეროში თავის დამკვიდრებას და წარმატების მიღწევას მცირე დრო არ ყოფნის. მიუხედავად პრობლემებისა, სტაგნაცია არასოდეს გვქონია, არასოდეს დაგვიყრია ფარ-ხმალი, არის რაღაც ძალა, რომელიც გვეხმარება არ გავჩერდეთ. რაც შეეხება ფინანსურ საკითხს, არსებობენ ადამიანები, ვისაც უყვარს ჩვენი შესრულება და ვისაც უნდა თვეში რამდენჯერმე მოგვისმინოს. თუკი ქალაქურ ჟანრში რაიმე სერიოზული კონცერტი იმართება, იქ ჩვენც ვართ, ბუნებრივია ამას ფინანსური მხარეც ახლავს. ჩვენ გარდა მუსიკისა, სხვა საქმით არ ვართ დაკავებული, მთელი ჩვენი რესურსი მხოლოდ ამ მუსიკას ხმარდება.
ლუკა: – ქალაქური სიმღერა ჩვენი ცხოვრების 60-70%-ია. ძალიან დიდი დრო და შრომა უნდა იმას, რომ აღიარება მოიპოვო.
ილია: – ჩვენ 24 საათიდან 20 საათი ერთად გვიწევს ყოფნა. გარდა საქმისა, ჩვენ უკვე მეგობრები და ნათესავები ვართ.
რამდენი სიმღერა გაქვთ?
ბევრ სიმღერას ვწერთ, ბევრზე ვმუშაობთ, თუმცა ყველა ერთნაირად წარმატებული არ არის. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება ბევრი სიმღერა ჩავწეროთ, რომ შემდეგ საუკეთესო შევარჩიოთ.
გვაქვს როგორც ყველასთვის საყვარელი, ნაცნობი კომპოზიტორების სიმღერები, ისე სპეციალუარდ ჩვენთვის დაწერილი სიმღერები. ოთხ ხმაში კვარტეტი ასზე მეტ სიმღერას ვასრულებთ.
ალბომზე რას გვეტყვით?
ალბომზე ვმუშაობთ, ჩაწერილი ჯერ არ გვაქვს. გვინდა, მხოლოდ საუკეთესო სიმღერები შევიდეს მასში, ამიტომაც არ ვჩქარობთ.
თუ შეგიძლიათ, დაასახელოთ რამდენიმე სიმღერა, რომელიც ყველაზე პოპულარულია თქვენს რეპერტუარში?
პირველი ეს არის ჯანსუღ კახიძის ”სიყვარული ძნელია”, ასევე ჯუმბერ ამანათაშვილის ”ასე რად მეხუმრები”, ძალიან დიდი მოწონება აქვს ყოველთვის ყველა კონცერტზე.
ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე…
მაცაცო სეფისკვერაძემ გვითხრა, რომ ეს იქნებოდა ჩვენი სავიზიტო ბარათი. ტელეპრემიერის შემდეგ ასეც მოხდა, ძალიან ბევრი მიწვევა მივიღეთ. ეს არის სიმღერა თბილისზე და მღერის
”თბილისური კვარტეტი”. ეს სიმღერა ჩვენს ალბომში აუცილებლად შევა, აკომპანიმენტს თავად ქალბატონი მაცაცო გვიკეთებს. ლექსი ეკუთვნის ენვერ ნიჟარაძეს. ჩაიწერა პაატა სილაგაძესთან. არანჟირებას ასევე თავად კომპოზიტორი უკეთებს. ”მშვენიერია დედა თბილისი” – ასე ჰქვია სპეციალურად ჩვენთვის დაწერილ სიმღერას.
თბილისური კვარტეტი – მშვენიერია დედა თბილისი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
თბილისური კვარტეტი – ჭაღარა თბილისო. Live
თბილისური კვარტეტი – მოვა მაისი. Live
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები