LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმღერა, რომელმაც ფორტეს წევრები აატირა

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ჯგუფი ”ფორტე” ესტუმრა. მისი წევრები არიან: ზურა მანჯავიძე, ნინო ახობაძე, ირინა კახნიაშვილი და მანანა მაისურაძე.


– როგორ ხართ?

ზურა: -კარგად ვართ, ჩვენს ჭიას ვახარებთ ძირითადად, მაგრამ ვახარებთ. გოგონები რა თქმა უნდა მაბრაზებენ.


– გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, როდის დაარსდა ”ფორტე”?

ნინო: – ბუნდოვნად გვახსოვს, 1992 წელს. მაშინ ეს ნამდვილი ენთუზიაზმი იყო. მზია ლომინაძე იყო ჩვენი ხელმძღვანელი, მაშინ ”თაიგული” გვერქვა, შემდეგ სახელი გადავირქვით.ზურას ნაცვლად ზურა ბენაშვილი მღეროდა ჩვენთან ერთად, რომელიც გარდაიცვალა. ზურა კი გიტარაზე უკრავდა და აღარ გვინდოდა ვინმე უცხო, ამიტომაც ავამღერეთ ზურა. ჩვენი პირველი სიმღერა იყო ”ალიონზე გამიღიმა თბილსმა”, კახა ცაბაძის სიმღერაა, რომელიც სპეციალურად ჩვენთვის დაიწერა.


– ბევრი კარგი სიმღერა გაქვთ. თქვენი აზრით, რა ასაკის ხალხი გისმენთ?

ზურა: – ალბათ ჩვენი ასაკის და ჩვენზე უფროსები. მაშინ ძირითადად წვიმებზე და ქარებზე მღეროდნენ, კინაღამ ჩვენც გადავერთეთ. როდესაც გავაკეთეთ პოპური, აი მაშინ მივხვდით რომ ახალგაზრდებიც გვისმენდნენ.


– ”ფორტეს” ჰქონდა აღმავლობისა და სიჩუმის პერიოდები. როდის დაიწყო სიჩუმე და რატომ?

– ეს დაიწყო 2007 წლის 7 ნოემბრიდან. რაღაც რაღაცეებზე ვთქვით უარი, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, მაშინ დაიწყო ყველაზე მძიმე და რთული პერიოდი, როდესაც ჩამოგავშორეს ყველაფერს, საქველმოქმედო კონცერტებსაც კი. ხუთი წლის განმავლობაში ვისხედით სახლში. გვაქვს 4 ალბომი.


– ახლა რა ხდება?

ზურა: – გარდა გოგონების სიზარმაცისა, ფინანსური საკითხებიც არის რა თქმა უნდა, ასევე ოჯახური მდგომარეობა, ჯამში 10 ბავშვი გვყავს. მიუხედავად ამისა, ვახერხებთ და გვაქვს ახალი სიმღერები. ვმონაწილეობთ კონცერტებზეც.


– არასდროს არ ჩაგიწერიათ ისეთი სიმღერა, რისიც შეგრცხვებოდათ…

– კი ასეა, ალბათ ამიტომაც არ გვაქვს ბევრი სიმღერა. თავის დროზეც და ახლაც მუსიკით ვირჩენთ თავს. ხალხს ვუყვარვართ ალბათ. ტემპიანი, მოსალხენი სიმღერებიც გვაქვს, ვმღერით უცხოურ სიმღერებსაც სხვათაშორის. გვაქვს ესპანური, ფრანგული, ყაზახური, უკრაინული და რუსული სიმღერები. უფრო ხშირად კორპორატიულ საღამოებზე ვმღერით.


– გასტროლებზე თუ დადიხართ?

ზურა: – კი, პირველად ვიყავით შვედეთში, ბორის წიფურიამ წაგვიყვანა. შემდეგ ვიყავით ავსტრიაში. რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სასომხეთი… სხვათაშორის ავსტრიაში ერთი საინტერესო შემთხვევა გქვონდა. კონცერტისას მოვიდა ჩვენი მასპინძელი და გვითხრა, თუ შეგიძლიათ მიკროფონის გარეშე იმღეროთო და ჩვენც მეტი რა გვინდოდა…


– ”ბითლზებიც” კი დაიშალა და თქვენ როგორ ახერხებთ ერთად ყოფნას?

ზურა: – აი ველოდებით, ჯონ ლენონივით რომელს გააგორებენ ჩვენგან.

დავით არჩვაძე: – ჩემი აზრით, ძალიან განსხვავებული და თვითმყოფადი კვარტეტია, ისინი არავის არ ჰგვანან. ოთხივე სასწაული ადამიანია. რამდენიმე წლის განმავლობაში ვცდილობდით გვეთანამშრომლა. სიმღერას, რომელიც ”ფორტემ” ჩაწერა, საკმაოდ სევდიანი ისტორია აქვს. ეძღვნება თომა ჯალაღონიას, რომელიც ომში გაიპარა, აფხაზეთის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს დაიჭრა და იმავე ღამეს გარდაიცვალა. შემდეგ ოჯახის ახლობელმა, მეათე კლასელმა გოგონამ, ნინო ქადაგიძემ დაწერა ლექსი, რომელიც თომას დედამ, ქალბატონმა გულიკო გოგიბერიძემ დეიდაჩემის დახმარებით მომაწოდა. თომას მეტსახელად ეძახდნენ თოლიას, ასე ჰქვია სიმღერსაც ”აფხაზეთია თეთრი თოლია”. ”ფორტეს” ოთხივე წევრი ტიროდა ამ სიმღერის ჩასაწერად. სიმღერა ახალი დაწერილია და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 25 წლის იუბილეს დაემთხვა მისი პრემიერა.

ზურა: – ძალიან სწორი ემოციით ჩაიწერა ეს სიმღერა, თუმცა გაიწელა პროცესი, გვიწევდა ემოციების დაოკება. ირინა იწყებს სოლოს და ორი საათი წვალობდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწრაფად ვწერთ ხოლმე. თან, დათო ძალიან ხათრიანია და ვერც გვეუბნეოდა ბოლომდე. თითქოს ემოცია წინ მოდიოდა…

ნინო: – დათომ რომ გადმოაგზავნა თავიდან სიმღერა, ორი საათი ვტიროდი. მიშა მდინარაძეა არანჟირების ავტორი, მასტერინგი გიგა მიქაბერიძეს ეკუთვნის.

 


ფორტე – თეთრი თოლია

AudioTETRI TOLIA.DAVIT ARCHVADZIS SIMGERA

გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioDAMZADEBULIA SAQARTVELOSHI – FORTE


ფორტე – ჯინჭველა. Live

ფორტე – ქართულო მიწავ. Live

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები