LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი სულიერი მდგომარეობა არის ქართველი ვაჟკაცი

Ardaidardo.Geგადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ავტორ-შემსრულებელი გიორგი დათიაშვილი ესტუმრა.


როდის დაიწყო შენი მუსიკალური კარიერა?

– 14-15 წლის ვიყავი, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი პოპულარული კარიერა. მსმენელის წინაშე წარვდექი სიმღერით ”მინდა იყო ჩემი მზე”. თუმცა, 9 წლიდან ვსწავლობდი რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში.


გიფიქრია იმაზე, რომ პროფესიონალი მუსიკოსი გახდებოდი?

– ისეთი ხასიათი მაქვს, სანამ რაღაც არ შედგება, მანამდე არაფერზე ვფიქრობ. დღესაც ძალიან ბევრს ვსწავლობ. დღევანდელი მდგომარეობა არ არის პიკი, თუმცა არც ერთ ადგილს ვტკეპნი. მყავდა პროდიუსერიც, თუმცა დღეს ჩემს კარიერას თავად ვუზრუნველყოფ. რთულია, შენ დაწერო, შენ ჩაწერო და შემდეგ იზრუნო პოლულარიზაციაზე. მაქვს სიმღერები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ არ გაჰიტდა, თუმცა ამჟამად ბევრი ნახვა აქვს.


– რას აკეთებდი მაშინ, როდესაც ე.წ. კარიერული ჩავარდნა გქონდა?

– ლატვიაში ვსწავლობდი, ოთხ წელიწადნახევრის განმავლობაში. პროფესიით მენეჯერი ვარ ციფრული ტექნოლოგიების განხრით, განათლებით მუსიკოსი არ ვარ, თუმცა იქაც მოვახერხე, რომ მუსიკასთან მქონოდა შეხება.


– გენეტიკურად გადმოგეცა სიმღერის ნიჭი?

– არიან ნათესავები, რომლებსაც საკმარისი სმენა აქვთ იმისათვის, რომ ჩემთვის სიმღერა შეეყვარებინათ, მშობლები არ მღერიან.


– შენი მეუღლე, გვანცა, არის ჩემი კოლეგა, ის ”ავტორადიოს” მუსიკალური წამყვანია. არ უშლის ხელს ოჯახურ ურთიერთობას ერთ სამსახურში მუშაობა?

– მშობლების დახმარებით ვახერხებთ იმას, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არ იყოს ერთფეროვანი, ვცდილობთ ყველაფერი მოვასწროთ და მგონი გამოგვდის კიდეც. გვანცასთან სახალისო ჩანაწერები მაქვს გაკეთებული. მე და ჩემ მეუღლეს ერთი ტკბილი მოგონება გვაქვს და ამ ამბავთან დაკავშირებით გვინდა ჩვენთვის ჩავწეროთ ერთი სიმღერა, თუმცა ეს არ იქნება მსმენელისთვის.


– შენი სიმღერები ჩემს ათეულში ხშირად ხვდება. შენი აზრით, რატომ უყვარხარ მსმენელს?

– ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რომ ვმღერი სერიოზულ თემებზე. ალბათ, ლექსის დამსახურებაც არის, ის აღწევს ადამიანების გულამდე, მეც ბოლომდე ვიხარჯები, რომ ტექსტი არ გავაუფერულო და ვდილობ მელოდიას შეესაბამებოდეს.


– შენი სიმღერების ქავერების გაკეთებას ხომ არ აპირებ?

– მხოლოდ და მხოლოდ თქვენ მაძლევთ ამის ფუფუნებას, რომ მოვიდე და ჩემივე სიმღერა გაქავერებული ვიმღერო. როდესაც ბენდთან ერთად იქნება ჩემი სოლო კონცერტი, იქნება აუცილებლად ახლებური ვერსიებიც…


– ”ნისლის ნაბდები”, ”ჩამოვუქროლებ ჩემს საქართველოს”, ”ჩემს მთებში” – შენი სიმღერების მიხედვით ადამიანს რჩება შთაბეჭდილება, რომ შენ ხარ ფაფახიანი, ჩოხა-ახალუხიანი ქართველი
ვაჟკაცი, რომელიც ხმლით იცავს ქართულ ადათ-წესებს. ასეთი ხარ, თუ უფრო თანამედროვე ქართველისკენ იხრები? როგორია გიორგი დათიაშვილი?

– ჩემი სულიერი მდგომარეობა არის, რა თქმა უნდა, ქართველი ვაჟკაცი. ჩემთვის პირველი არის ქართული და საქართველო, სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ჩემ მიწას ვემსახურები. ბუნებრივია, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩოხით არ დავდივარ, ვარ ჩვეულებრივი ქართველი, რიგითი კაცი, მიყვარს კომფორტიც.


– ძალიან ბევრი საქმე გაქვს სტუდიაში, როდის დაიწყე სტუდიური საქმიანობა?

– 14 წლის ვიყავი, როდესაც ამ სფეროში მუშაობა დავიწყე. რობერტ ბარძიმაშვილმა მიმიყვანა სტუდია ”ორფეიში” და იქ დავიწყე სწავლა. ერთ წელიწადში გოჩა ლომთაძემ მომცა იმის საშუალება, რომ პატარა ბავშვების ხმები ჩამეწერა, მალე არანჟირებებიც დაიწყო და გამიჩინეს ამბიცია, რომ დამეწყო ამ მიმართულებით მუშაობა. ამ ხალხმა ძალიან დიდი შრომა ჩადო, ეს დღეს ჩემი ყოველდღიური საქმეა და ძალიან მიყვარს. 16 წლიდან არ გავჩერებულვარ. არსებობს წესები არანჟირებაში, რაც არ უნდა დაირღვეს და როდესაც არ ირღვევა, სტილისტურად ისე მისდევ ამ საქმეს, რომ ყველაფერი ისე ჟღერს, როგორც უნდა ჟღერდეს, ამიტომაც ხელწერა არ ჰგავს ერთმანეთს. ჩვენთან ხმის რეჟისორს ისეთი დაბალი ანაზღაურება შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული სიმღერიდან, რომ ხალისი აღარ აქვს. შეიძლება ერთი თვე დაგჭირდეს საჭირო ჟღერადობის მისაღებად…


– თუ გიფიქრია საზღვარგარეთ წასვლაზე და საქმიანობის გაგრძელებაზე?

– მიფიქრია ხანდახან, მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოში ვარ. საზღვარგარეთ კი სამი დღის შემდეგ ძალიან დიდი მონატრება მიჩნდება. აქ უნდა მივაღწიოთ იმ მაღალ დონეს, რაც არის სხვა ქვეყნებში. მე რომ თავად არ ვაკეთებდე იმას, რასაც ვაკეთებ, ნაკლებად ჩავწერდი ბევრ სიმღერას, ეს საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა.


– ახლახან თურქეთში იყავი, მოგვიყევი ამ ვიზიტის შესახებ?

– არის არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქართველები საზღვრებს გარეთ”. შემომთავაზეს თურქ მომღერალთან, ნურგუზელ ქესტანესთან ქართულ-თურქული დუეტის ჩაწერა. ჩავედი ანკარაში, იქ ჩაიწერა, არანჟირება ცოცხალი ინსტრუმენტებით არის. გადავიღეთ ვიდეორგოლი, წესით დასრულებული უნდა იყოს, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გაიწელა. ეს არის იმ დიდი პროექტის დასაწყისი, რომელსაც ჰქვია ”ქართველები საზღვარგარეთ”. ეს არის თურქებისთვის ძალიან საყვარელი კომპოზიტორის სიმღერა. ჩანაწერის მოსმენის შემდეგ მან თქვა, რომ მე არ დამიწერია და მხოლოდ ახლა შეიქმნაო.


– რა გეგმები გაქვს?

– 3 მარტს იტალიაში, ქალაქ ბარიში ქართველ ემიგრანტებს ვუმღერებ. ზურა ჩინჩალაძესთან და ბესო ჩუბინიძესთან ერთად მივდივარ.


– ალბომზე თუ ფიქრობ?

– სათანადო რაოდენობით სიმღერები დამიგროვდა. ორი ალბომი უკვე მაქვს. წლის ბოლომდე ამ მხრივადაც იქნება რაიმე სიახლე.


– ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

– დიდი ხანი მქონდა ეს მელოდია ჩანიშნული, სანამ არ ჩამესმა ამ მელოდიის სიტყვა, ანუ ”რამდენს გაუძლებს ქართველი”, გიორგი პავლიაშვილმა დამიწერა ტექსტი. მელოდიას სრულყოფილება შევძინე, გადავუგზავნე გიორგის შავი ვერსია და მან შექმნა ტექსტი. ამ სიმღერით გარკვეული სათქმელი ვთქვი. მე ასე ვფიქრობ, რასაც ვმღერი და ხალხიც ალბათ ისე მიიღებს, როგორც ჩავიფიქრე და როგორც ვიმღერე. ვნახოთ, როგორ შეაფასებს მას მსმენელი. სიმღერის სახელწოდებაა ”რამდენს”. არანჟირება მე მეკუთვნის და ჩაიწერა ასევე ჩემთან, ”ფორტუნა რეკორდსში”.

გიორგი დათიაშვილი – რამდენს 

AudioGIORGI DATIASHVILI – RAMDENS


გადაცემის აუდიოჩანაწერი 

AudioDAMZADEBULIA SAQARTVELOSHI – GIORGI DATIASHVILI


გიორგი დათიაშვილი – მე ჩემს მთებში. Live

გიორგი დათიაშვილი – თუ წახვალ შორს. Live

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები