გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” კვარტეტი ”იმედი” ესტუმრა. მისი წევრები არიან: მაიკო და ნანა თათეიშვილები, თამთა დათაშვილი და ეკა კიკნაველიძე.
მოგვიყევით თქვენს შესახებ…
მაიკო: ჩვენი ანსამბლი 1988 წელს, ქუთაისში დაარსდა. მხატვრული აღზრდის სახლში გამოცხადდა კონკურსი და 15 გოგონა აგვარჩიეს. ეს იყო ვოკალურ ინსტრუმენტალური ანსამბლი. ზეინაბ ბურჯანაძე იყო ჩვენი ხელმძღვანელი და სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი კობა კალანდაძესთან ერთად ჩვენს ჩამოყალიბებაში. დროთა განმავლობაში შემოგვეცალნენ გოგონები და დავრჩით ხუთნი. ჩვენი ყველაზე დიდი წარმატება იყო ბორჯომის ფესტივალი, სადაც გრან პრი ავიღეთ, მაშინ ჟიურის თავჯდომარე იყო ნიკოლოზ რაჭველი, ეს იყო 1995 წელს. შემდეგ იყო უამრავი კონცერტი თბილისში, იყო გასტროლები. ვმღეროდით სხვადასხვა ჟანრში. ფოლკლორის სასახლეს ერქვა ”იმედი” და შესაბამისად დაგვერქვა კვინტეტი ”იმედი”. კონკრეტულად მე ვიყავი ბანი, თუმცა ახლა მესამე ხმა ვარ.
ნანა: მე ვარ ბანი, თავიდანვე მოვყვები ანსამბლს, თუმცა, რადგან უმცროსი ვარ მეორე თაობაში ვიყავი.
თამთა დათაშვილი: მე ვარ პირველი ხმა, რაც შეეხება ჩემს მუსიკალურ წარსულს, გოგონებთან ერთად მოვდივარ წლებია. არშემდგარი დირიჟორი ვარ, მუსიკალური განათლება მაქვს.
ეკა კიკნაველიძე: ვგალობ სამების საკათედრო ტაძარში, ვმუშაობ საბავშვო სტუდიაში ”ბზიკები” ვოკალის პედაგოგად. ვუკრავ გიტარაზე კვინტეტში და ვმღერი მეორე ხმას.
მაიკო, 2001 წელს კვინტეტმა შეწყვიტა სიმღერა…
თითქოს სხვა მიმართულებებით ვცადეთ განვითარება. თუმცა, გვინდა ერთიანი ძალებით ისევ გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა.
როგორ შეძლო კვინტეტმა 90-იანი წლების გამოვლა?
ზეინაბ ბურჯანაძე იღებდა საკუთარ თავზე ყველა სირთულეს. სარდაფში, ჩემთან სახლშიც კი ვმეცადინეობდით ხოლმე. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა წარმატებით. რუსუდან მილორავა იყო ჩვენი უშუალო ხელმძღვანელი. დღეს, ჩვენ რომ აქ ვართ, ეს ერეკლე დიდიას დამსახურებაა. დაგვიწერა სიმღერა და შემოგვთავაზა მის საღამოზე მიგვეღო მონაწილეობა, რასაც ჩვენ სიხარულით დავთანხმდით. ეს იყო სტიმული იმისა, რომ გაგვეგრძელებინა მოღვაწეობა.
თამთა, ჩაგვახედეთ შიდა სამზარეულოში?
ვართ თვითკრიტიკულები, გვაქვს ხალასი ურთიერთობა ერთმანეთთან. ვითვალისწინებთ ერთმანეთის, ერეკლეს აზრს. ნამდვილად არ გაგვჭირვებია ერთად შეკრება.
არსებობს კვინტეტის დროინდელი ჩანაწერები?
კი, რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა ახალი ჯერჯერობით არაფერი გვაქვს.
როგორ გეგმავთ სცენაზე დაბრუნებას, ბევრი ”დიდი დაბრუნების” მომსწრე ვარ…
შევინარჩუნებთ იმავე მიმდინარეობას, რითიც გაგვიცნო მსმენელმა. ბევრს არ ვისაუბრებ, საქმით ვაჩვენებთ მსმენელს. ჩვენი მოტივაცია არის ის, რომ ეს არ იყოს ერთჯერადი აფეთქება და გავაგრძელოთ
მუშაობა.
როდესაც შეწყვიტეთ მუშაობა, ქვეყანა სულ სხვა მუსიკას უსმენდა, ხომ არ ფიქრობთ მიმდინარეობა შეცვალოთ და უფრო კომერციული მუსიკა აირჩიოთ?
შესაძლებელია პოპ მუსიკა იყოს მომგებიანი, თუმცა, ვფიქრობ ჩვენ აკადემიური სტილი უფრო შეგვეფერება, შესაძლებელია რიტმს მოვუმატოთ.
რა გეგმები გაქვთ?
ერეკლეს გარდა სხვა ავტორებთანაც ვითანამშრომლებთ, თუმცა ახლა ერეკლე ჩვენთვის უკვე მეორე სიმღერას წერს. მან ზუსტად იცის ჩვენი შესაძლებლობები.
ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ
ეს იყო ერეკლეს გადაწყვეტილება, მალე დაიწერა და ერთ ღამეში ჩაიწერა. ვფიქრობთ, გაამართლა. მადლობა მინდა გიორგი მშვენიერაძეს გადავუხადო, რომ მოგვცა საშუალება ”არ დაიდარდოს” მსმენელის წინაშე გამოვსულიყავით. სიმღერას ჰქვია ”მონატრება”. ნუკრი კარკაძეა ტექსტის ავტორი, არანჟირება ერეკლე დიდიას ეკუთვნის.
კვარტეტი “იმედი” – მონატრება
გადაცემის აუდიოჩანაწერი
კვარტეტი “იმედი” – რად მოგიგონე. Live
კვარტეტი “იმედი” – შემოდგომის ყვავილებს Live
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები