დათო იმედაშვილი ფილმზე -„ვისი სული გსურს“ მუშაობს. ახალი პროექტისთვის რეჟისორი გარკვეულ დათმობაზე წავიდა და მასში ამა თუ იმ პროდუქციის რეკლამაზე უარი თქვა, რაც პირველი ფილმიდან მიღებული გამოცდილებით ახსნა. „ერთ-ერთი სუპერმარკეტების ქსელი დაგვთანხმდა იმაზე, რომ ჩაედო ფული ჩვენს პროექტში და სანაცვლოდ მისი რეკლამირება არ მოითხოვა. მეტიც, მოგვცა იმისი საშუალება რომ სხვებისთვის აღარ მიგვემართა“, – განაცხადა რეჟისორმა.
ფილმში სიუჟეტი მთავარი გმირის გარშემო ტრიალებს, რომელიც არ აღიარებს არცერთ ღირებულებას, რასაც შემოსავალი არ მოაქვს, ამიტომ სიღნაღში პირველი ქართული საბავშვო თეატრი დახურა, რადგან მალაიზიურმა რესტორანმა მას უფრო მეტი მოგება მოუტანა. პროექტში მთავარ როლს მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ასრულებს. „წარმატებული როლი ხშირად ცუდ სამსახურს უწევს მსახიობს, რადგან ის იმ პერსონაჟთან ასოცირდება. ვცდილობ, რომ განსხვავებულად მოვეკიდო ამ საკითხს“, – აცხადებს მსახიობი. ფენტეზის ჟანრის ფილმი საქართველოს კინოთეატრებში გაზაფხულზე გამოვა.