ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელწმიფო თეატრი დღეს დიდი ქართველი მწერლისა და პოეტის, აკაკი წერეთლის 175-ე იუბილეს უმასპინძლებს. საღამო 18:30 დაიწყება.
ღონისძიების განმავლობაში მაყურებელს საშუალება მიეცემა, დაესწროს აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დაწერილი წიგნების პრეზენტაციებსა და გამოფენებს, მათ შორისაა გამოფენა სახელად „აკაკი ქართულ ხელოვნებაში“, ამავე თემაზე შექმნილი პლაკატები და ქეთი მატაბელის ფოლიანტები – „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო“. ასევე გაიმართება აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაციაც.
დასკვნით ღონისძიებაში კი, რომელსაც მაყურებელს თეატრალური წარმოდგენის სახით შესთავაზებენ, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა თეატრის მსახიობი და მომღერლები: ნატო მეტონიძე, მაია ჯაბუა, ლიზა ყენია, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ნუკრი კაპანაძე, ნიკა კაჩაროვი.მათ აკომპანირებას გაუწევენ დათო ევგენიძე და მისი ბენდი, საღამოს გაუძღვება მსახიობი ეკა კახიანი.
სპექტაკლის მონაწილეები აკაკი წერეთლის ლექსებსა და პუბლიცისტურ წერილებს წაიკითხავენ, შესრულდება მუსიკალური ნომრები.
აკაკი წერეთლის იუბილე ქუთაისში კულტურის სამინისტროსა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და ინიციატივით იმართება.
2015 წელი მწერლის საიუბილეო წელიწადი გახლავთ, მისი დაბადებიდან 175 წელი გავიდა. ეს მნიშვნელოვანი თარიღი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.