გადაცემას ”რადიო დუეტი” მსახიობი, რეჟისორი, ტელეწამყვანი და ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძე ესტუმრა.
– ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ ჩემივე თავისთვის უნდა მომესმინა, იმიტომ რომ სულ გისმენთ. მე ხომ სულ კარგ ხასიათზე ვარ, დარდიც ნაკლებად ვიცი, რაღაც სანერვიულოზე რომ ვსაუბრობ, ვამბობ ხოლმე, რომ გულში სულ ტაშ-ფანდური მაქვს თქო. ჩემმა ტვინმა, გულმა, სულმა, სხეულმა, ყველაფერმა იცის, რომ ის გატყდა, აღარ გამრთელდება. მე ვარ არ დავიდარდო. თუმცა, როგორ არა, განვიცდი… ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ვერ გადავხარშე. ტვინი არის კუჭივით. კუჭი ხომ ინელებს საჭმელს, ტვინმაც უნდა მოინელოს. ჩემებური, სოფლური ტერმინები მაქვს. ”ტვინის კოლიტი” დავარქვი სიტუაციას, როდესაც ვერ ხარშავს ტვინი და იწყება დეპრესია და სტრესი. თუ ზუსტად მიხვდები, რომ ვერ მიიღე შედეგი, არ უნდა იანერვიულო. ჩემი დევიზია – რას დაეძებ. მაგალითად, ერთხელ ვაღებ მანქანის კარს და ლუქიდან ჩამოსულია წყალი, სავარძელი სულ სველია. პირველი იცი რა გავიფიქრე? მანქანა რომ არ მყოლოდა რა დამისველდებოდა თქო. დავაფინე პარკები და გავქანდი. რამდენიმე წლის წინ უკნიდან დამარტყა ავტომობილმა. არც გადმოვიდოდი თვითონ რომ არ გაეჩერებინა… ასეთ რაღაცეებზე ვერ ვდარდობ.
– უსმენ ”არ დაიდარდოს”?
– ვუსმენ ეს ის სიტყვა არ არის. ძალიან მიყვარს ქართული სიმღერები. ჩემთვის პატივია, რომ მე აქ მოვედი. მართლა გამიხარდა. ყველანაირ შრომას, დამოკიდებულებას, ძალიან დიდ პატივს ვცემ. სხვათაშორის ერთხელ გადავაყენე ავტომობილი და დავრეკე პირდაპირ ეთერში, ახლა არ მახსოვს რა სიმღერა ვითხოვე. პირველად რომ გაჟღერდა ჩემი სიმღერა, მინდოდა დარეკვა და თქმა, რომ ვუსმენ რადიოს და გაუშვით თქო.
– ადამიანის დაკარგვას რაც შეეხება…
– აქაც გაუგებარი რაღაც ხდება. როდესაც ჩემი ახლობელი გარდაცვლილა, მე შემიძლია ვიგლოვო ისე, როგორც ვერ იგლოვებს მისი საკუთარი ოჯახის წევრი. ჯოჯოხეთური განცდა მაქვს ხოლმე. თუმცა, ეს მხოლოდ 1-2 სათი გრძელდება. ამ დროს ვარ არაადამიანურ სასოწარკვეთილებაში.
– რას ვერ აპატიებ ადამიანს?
– არასოდეს არავის ვკარგავ და თუ მკარგავს, ახია მასზე, რომ დამკაგა. რა ვქნა, დამკარგა, დამკარგა. ვერ გამიგო? ეწყინა? მოდი, დამელაპარაკე, ამიხსენი, მომეცი საშუალება ბოდიში მოგიხადო. ძალიან საიდუმლოდ გეტყვი – სულ ბოდიშებს ვიხდი, ვარ თუ არ ვარ დამნაშავე, მაინც სულ ბოდიშს ვიხდი. უნდა ადამიანს, რომ მოუხადო ბოდიში და მოვიხდი. პატიება ძალიან ადვილად შემიძლია, თუკი აღიარებს. არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ არ ვაპატიო. ძალიან მიყვარს ადამიანის დახმარება. მიყვარს გახარებული სახის დანახვა, თორემ სიკეთის გამო კი არ ვაკეთებ. უმადურობის გამო გულზე ვსკდებოდი. ვერ ვიძინებდი, გული მიჩქარდებოდა. ჩემს გამო დაგემართა სასწაული სიხარულები, ააწყე ბიზნესი, ოჯახი და შენ ამას ვერ ხედავ. შემდეგ ჩემმა ტვინმა გადახარშა და მივხვდი, ამ სიკეთეს ხომ იმიტომ ვაკეთებდი, რომ მეც მინდოდა, მეც ხომ მსიამოვნებდა. უმადურობასაც შევეგუე.
– წავიკითხე, რომ ყველაზე ძალიან საკუთარი თავი გიყვარს…
– ყველაზე ძალიან რომ მიყვარს საკუთარი თავი, ამიტომაც არ ვნერვიულობ, ჩემი თავი ისე მიყვარს, რატომ უნდა ვავნო. ჩემთან როდესაც მოაქვთ ამბავი, ცუდი თქვესო, ვამბობ ხოლმე, რას დავეძებ. იცი ვინ მლანძღავს? ვინც გულში არის გათახსირებული. ქვა მესროლოს იმან, ვინც ჩემზე ნაკლები ქნა.
– კრიტიკას, კომენტარებს თუ პასუხობ ხოლმე?
– ”ფეისბუქზე” უპასუხოდ არცერთ პირად შეტყობინებას არ ვტოვებ. როდესაც მლანძღავენ, ვპასუხობ, ლანძღვას ჩემზე არ მივიღებ, ამიტომ, ამიტომ, ამიტომ… ძალიან ბევრი მაქვს წაკითხული და ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარე: მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ აგრესია იწვევს უფულობას, უსიყვარულობას და განუკურნებულ დაავადებას, როგორ შეიძლება ჩავვარდე აგრესიაში. ერთხელ ტაქსით მივდიოდი და ვიღაცის ინტერვიუ იყო, ტაქსის მძღოლმა შეიგინა, გავიფიქრე, გადართე რა თუ არ მოგწონს. მეორე დღეს რომ რაღაც შეემთხვეს, კი ვერ მიხვდება, რომ მისი აგრესიის ბრალი იქნება. როდესაც ვიცი რომ ვიღაცას ვანერვიულობ, ვცდილობ იქ არ მივიდე, არ ვანერვიულო. ადამიანებს არ უყვართ წვიმა, სულ ხომ არ წვიმს არა? წვიმა რომ არ იყოს, მიწა ხომ ვერ მოირწყვება. ცუდი ამინდი არ არის, ის კარგია მიწისთვის.
– შენ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანის ფსიქოლოგი იყავი…
– ლევან ყუბანეიშვილი იყო მოამბის მთავარი რედაქტორი და პირველად ქართული ტელევიზიების ისტორიაში მოამბეს ჰყავდა ფსიქოლოგი. ტელევიზია ძალიან სტრესული სამსახურია, მეუბნებიან ხოლმე რა კარგად ერთობი გადაცემებშიო. გამოცდილებას ჩემს გადაცემაში ვიყენებ, მაგრამ პაციენტების მიღების დრო აღარ მაქვს. ძალიან ცოტა მძინავს და მე ხომ ეგოისტი ვარ და უნდა გამოვიძინო. ტყუილები მიყვარს და თუ დილის ეთერში მივდივარ, ვამბობ ხოლმე, რომ ვიღვიძებ დილის 6 საათზე. სიმართლე გინდა გითხრა? ღამით არ მძინავს, ვმუშაობ წიგნზე. ვიძინებ 4-5 საათზე და ვიღვიძებ 2 საათზე.
– შენ მღერი…
– ”ოპა, ოპა გამახარე” – დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროფილს ამ ექსპერიმენტისთვის. ლოლიტასთან ერთად ვასრულებ. მე სმენა არ მაქვს, ასო-ასო ჩავწერეთ. გავაწამე ლოლა. რამდენი ამ სიმღერას მოვისმენ, იმდენი ვლოცავ მაია ასათიანს. სხვათაშორის ძალიან ბევრი ნახვა აქვს. სოლო მინდა ძალიან. რომ ვამბობ, როდესაც ვნერვიულობ, გულში ტაშ-ფანდური მაქვს თქო, აი ასეთი სიმღერა მინდა, რომ ყველამ ხელი გაშალოს. დუეტი მაქვს ანი მალაზონიასთან ერთად. სევდას მგვრიდა ეს სიმღერა. მაგნოლია ყვავილი მიყვარს ძალიან, ჩემთვის მისტიურია, ვუძღვნი ირინა მჭედლიძეს, რომელიც ცდილობს, რომ ვიყო ბედნიერი, იმიტომ რომ სხვა ბევრი ადამიანიც იყოს ბედნიერი. მე შეიძლება ცოტას ვუყვარვარ, მაგრამ ნაღდად ვუყვარვარ. მსმენელს მინდა ვუთხრა, არ დაიდარდონ, მართლა. ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ გიყვარვარ, თუ შენი შენი თავი არ გიყვარს.
– გავიგე რომ მეოთხე ცოლი მოგყავს…
– დღეს ვფიქრობ რომ არ მოვიყვან, ხვალ შეიძლება მოვიყვანო. ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომლის მიმართაც დიდი სიმპატიები მაქვს, ძალიან მომწონს, მიყვარს, ხშირად ვნახულობ, მაქვს კარგი ურთიერთობა და სულის კომფორტი. გადაწყვეტილი არაფერი მაქვს.
– რამდენჯერ გყვარებია?
– უიმე, არ ვიცი, სადღა მახსოვს, არ ვიცი ეს სიყვარული იყო თუ არა. არ მეყოფა 25 საათი. გუშინ რომ დაგესვა ეს კითხვა, გეტყოდი რომ სიყვარული არ არსებობს და დროებითია. მერყევი კი არ ვარ. როგორ ფასდება ის დღე, იმისდამიხედვით ვარ მეც. ჩემთვის ყოველი დილა არის ახალი წელი. რომ თენდება და დავინახავ მზეს, ე.ი. თვალში სინათლე მაქვს. მარტოობა დისკომფორტს არ მიქმნის. მთელი დღე უამრავ ადამიანს ვხვდები და საღამოს სახლში ვისვენებ. ყოფილ ცოლებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. შვილებს ვეუბნები რომ მომიკითხეთ ტელეფონზე, არ მოხვიდეთ, არ მნახოთ, მღლიან ყურადღებით. ძალიან მიყვარს დედაჩემი, ძალიან კეთილია. პატარა ბავშვივით მირეკავს და მეკითხება ჭამე? როდის მოხვალ? ამიტომ მას არ ვუბრაზდები. დიდი ხნის წინ რუსეთში ვიყავი. დაგვპატიჟეს ოჯახში. მასპინძელს ჰყავდა ძალიან მოხუცი, ას წელს მიტანებული დედა. რომ გამოვდიოდით ჩვენი მასპინძელი, 70 წლის კაცი, სამხედრო, გავიდა გარეთ და დედა ეუბნება, კარგად მოიხვიე კაშნი, არ გაცივდეო… გამიკვირდა, მაგრამ, ის ხომ დედაა. მე სხვის შეცდომებზე ვსწავლობ. შენ რომ შეცდები, გადაირევი, მე დავინახავ და მეორედ აღარ გავაკეთებ. ფილმებს რომ ვუყურებ, საშინელ ფილმებს, ვიცი როგორ აღარ უნდა მოვიქცე. რაც მე ინდურ ფილმებზე მიტირია. რომ ამბობდნენ ხოლმე, გოიმურიაო, მე ხმამაღლა ვამბობდი ხოლმე, ინდურ კინოზე მივდივარ თქო.
– ყოველი დღე ახალი წელიაო და როგორ ხვდები ახალ წელს?
– არავინ არ უნდა მოვიდეს ჩემთან. ვარ მარტო, მაცვია ხალათი, დიდი თასით მიდგას მზესუმზირა და ვერთობი. ვუყურებ ტელევიზორს დილამდე. ძალიან დიდი ფანტაზია მაქვს და ამ ჩემს ოცნებებში ჩავიკარგები ხოლმე. სულ დამოკიდებულებებზე ვოცნებობ. მე ისევ ბრეჟნევის დროში ვარ ჩარჩენილი. ამათი ნერვები არ მაქვს. დამიყენებენ ჯოხს პრეზიდენტად, იქნება ჩემი პრეზიდენტი.
– შენი გადაცემის რეიტინგების თემას შევეხოთ…
– ხან ”პროფილია” წინ, ხან ”სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან” ერთად. გინდა არაპროფესიონალი დამიძახე, რაც გინდა ის თქვი, მე არ განვიცდი რეიტინგების თემას. რომ ვინერვიულო, მალე მოვკვდები და გადაცემაც აღარ იქნება. რიგში დგანან სპონსორები, ისეთი რეიტინგი აქვს. ჯგუფიც ჩემნაირი მყავს, მაია სტეფნაძე არის ჩემი პროდიუსერი, ის რომ არ იყოს, გადაცემა ასეთი ვერ იქნებოდა. პატარა ქარხანა გვაქვს და ყველა თავის საქმეს იდეალურად აკეთებს. ჩემი განწყობა გადაეცემათ მათ. ვართ ბედნიერები.
– რომელი იყო ყველაზე რეზონანსული გადაცემა?
– დღიდან დაწყებისა ჩემი ყველა გადაცემა არის რეზონანსული. მე მზა პროდუქტს ვაწვდი ქართველ ფსიქოლოგებს, რომლებმაც უნდა დაადგინონ ჩვენი ერის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რას უყურებს მაყურებელი და არტომ აქვთ მოთხოვნილება. როგორ და რას ფიქრობენ ჩემს გადაცემაში მოწვეული სტუმრები. გადაცემას, რომელსაც არ აქვს რეიტინგი, ისიც საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა რეიტინგი. იყო ასეთი თემა: ”წავაგეთ ემიგრანტები”. ის, რომ ქალები ყუთებში სხედან და ძილის წამლებს სვამენ, რომ საზღვარი გადაკვეთონ, ჩაკუზულები, დამსხდრები არა… ეს იყო საშინელება და არ გაქვს ამ დროს რეიტინგი… თუ ვინმეს არ მოსწონს ჩემი გადაცემა, მე მათ ვურჩევ, არ გააკეთონ ის, რაც არ მოსწონთ. თავდასხმა იყო თამო ვაშალომიძეზე, ასევე არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მოწვევაზე…
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტო კოლაჟი