კონსერვატორიის დიდ დარბაზში, დღეს თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი გაიხსნება. როგორც “ინტერპრესნიუსს” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, 13-დან 28 ოქტომბრამდე თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი უკვე მეშვიდედ გაიმართება. წლევანდელ ფესტივალს მსოფლიოში ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსები ესტუმრებიან, მათ შორის: ქერსთენ მაქქოლი, აგათა-იგრას-სავიცკა, გიორგი გვანცელაძე, ზურაბ გვანცელაძე, პაოლო ბელტრაიმი, ბარბარა ბოროვიჩი, ლევან ცხადაძე, ემი ჰარმანი, შმავონ გრიგორიანი, ფელიქს დევრო.
მათივე ინფორმაციით, ოთხი კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დარბაზებსა და “თიბისი ბანკის” გალერეაში გაიმართება.
თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი ტრადიციულად მასტერკლასებსაც მოიცავს, რომელსაც მოწვეული მუსიკოსები კონსერვატორიისა და სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისათვის ყოველდღიურად გამართავენ.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია, “ტოიოტა კაუკაზუსი”, “თიბისი ბანკი”, აჭარანეტი, სასტუმრო “ციტადელი”, ნარიყალა და M-group.