15 ოქტომბრიდან ქართულ კინოთეატრებში ქართული ფილმი „რაის ნასოსი“ გამოდის. გია კაჭარავას ახალ ფილმში მომღერალმა დათო კენჭიაშვილმა თავისი პირველი როლი შეასრულა. ფილმისთვის რამდენიმე საუნდთრექიც ჩაიწერა, ერთ-ერთის სახელად „ჯიმა ჯიმა“ პრემიერა დღეს „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგა. ჩვენ დათო კენჭიაშვილს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.
დათო:
ეს ჩემი პირველი როლია კინოში. ბუნებრივია, ძალიან რთულია მომღერლის პოზიციიდან საუბარი, როცა ფილმში გიღებენ, თუმცა ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი, რეჟისორი გია კაჭარავა ძალიან დამეხმარა და არა მხოლოდ ის, არამედ მთელი კოლექტივი და როგორც მითხრეს, გავართვი თავი. მე იმიტომ დავთანხმდი ამ ფილმში მონაწილეობას, რომ მინდოდა მენახა, როგორი იქნებოდა დათო მსახიობი.
არ შეგეშინდათ დათანხმება?
რა თქმა უნდა, შემეშინდა და ვიფიქრე, სანამ დავთანხმდებოდი. მე სხვა სტატუსით ვსარგებლობ და რისკიანი ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ ბატონი რეჟისორი კმაყოფილია. მე ჯერ ფილმი არ მინახავს. 15 ოქტომბერს პრემიერაზე ვნახავ. სახალისო, კარგი ფილმი გამოვიდა, თუმცა შესაძლოა, ბევრისთვის რაღაც საკითხში მიუღებელი იყოს…
რას გულისხმობთ?
კანაფის ბალახზეა საუბარი და ბევრისთვის არ იქნება ალბათ მისაღები (იღიმის). პოპულარიზაცია არ უკეთდება, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რაც საქართველოში ხდება, ბევრი ადამიანი მოიხმარს, მაგრამ მალავს…
თავად გაგისინჯავთ?
რა თქმა უნდა, კანაფი გამისინჯავს, ტყუილი იქნებოდა, რომ მეთქვა, არ გამისინჯავს-მეთქი, მაგრამ აქტიური მომხმარებელი ნამდვილად არ ვარ, რადგან ჩემთვის ბევრს არაფერს წარმოადგენს.
ხელოვანები ხშირად მიმართავენ ამ ხერხს მუზების მოსაზიდად.
მე ტონუსს სხვა რამით ვიმაღლებ, ამიტომაც ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია (იღიმის).
ფილმის გარდა, რაიმე სიახლე არის შემოქმედებაში?
ოქტომბრის ბოლოს 4 კონცერტი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქტიურად ვემზადები, ვამუშავებ რეპერტუარს, შესაძლოა, ორი ახალი სიმღერა წარვუდგინო იქაურ ქართველებს, მე და ხმის რეჟისორი მივემგზავრებით. სოლოგამოსვლები არ მექნება, ჩემ გარდა კიდევ იქნებიან მომღერლები, თუმცა ჯერ არ ვიცი, ვინ. ახლა ჩაწერები მიმდინარეობს, ამის გამო დღესა და ღამეს ვასწორებთ.
ფილმში კიდევ მიიღებდით მონაწილეობას? მოგეწონათ მსახიობობა?
გააჩნია სცენარს. მსახიობობა მომეწონა თუ არა, ჯერ არ ვიცი (იღიმის). 15 ოქტომბერს ვნახავ. რაც შეეხება სხვა ფილმში მონაწილეობას, სცენარს გააჩნია, თუ კარგი სცენარი იქნება, რატომაც არა. თუმცა ეს არ არის განაცხადი, რომ დათოს მსახიობობა უნდა. ეს ახალი რაღაცის მოსინჯვაა და თავი კომფორტულად ვიგრძენი.
დღეს „არ დაიდარდოში“ საუნდთრექის პრემიერისთვის მოხვედით თქვენ და ბატონი გია.
დიახ. მე და გიორგი ვარდოსანიძე, ძალიან კარგი ბიჭი, ერთად ვასრულებთ სახალისო საუნდთრექს, სახელად „ჯიმა ჯიმა“ (იღიმის). გადაეწყვიტეს, მასზე კლიპიც გადაეღოთ.
გიორგი ვარდოსანიძე თქვენ აამღერეთ. „ლანდებს“ საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ელოდებოდით ამას?
სწორედ ამ ფილმისთვის საუნდთრექების ჩასაწერად ვიყავით ხმის ჩამწერ სტუდიაში. მგონი, „ჯიმა ჯიმას“ ვწერდით. შესვენებისას გიორგიმ გიტარა დაიჭირა. შევთავაზე, სტუდიაში შედი და ვნახოთ, რა გამოვა-მეთქი. არანჟირებაც მოვიფიქრე და ნახევარ საათში ჩავწერეთ. ძალიან მალე მოვიდა აღიარება, რაც მისი ავტორის დამსახურებაც არის, ძალიან ნიჭიერი გოგოა. მე ველოდებოდი ასეთ აღიარებას, რა წამსაც მოვისმინე სიმღერა. მსუბუქი არანჟირება გავუკეთეთ, რამაც ძალიან დადებითი რეზონანსი გამოიწვია.
დათო კენჭიაშვილი, გიორგი ვარდოსანიძე & ლაშა თოდულა – ჯიმა (მუსიკა კინოფილმიდან “რაის ნასოსი”)
ნინო მურღულია