16-26 ოქტომბერს ჩეხეთის დედაქალაქი მასპინძლობს პირველ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსს „არწივები კავკასიიდან“. ღონისძიებას ახორციელებენ საერთაშორისო ფესტივალების ასოციაცია და საქველმოქმედო ფონდი „მრავალჟამიერი“, ჩეხურ კომპანია European Festival Project-თან ერთად.
ფესტივალი ცნობილი ჩეხი მუსიკოსის, ლოტბარის, ქართული მუსიკის დიდი თაყვანისმცემლისა და არაერთი ქართული სიმღერის აღმდგენის, იოზეფ რატილის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ანსამბლები სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოდან – ლევან მუღლაშვილის სახელობის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“, რომელიც ევროპაში გამგზავრებამდე სოლოკონცერტს მშობლიურ გურჯაანში გამართავს, 16 ოქტომბერს კი ჩეხეთში გაემგზავრება. პრაღიდან „გურჯაანი“ გერმანიაში, კერძოდ, ბერლინში გადაინაცვლებს და სოლოკონცერტს საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში ქართული დიასპორისთვის ჩაატარებს, 26 ოქტომბერს მოზარდები საკათედრო ტაძარში ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს შეასრულებენ.
საბავშვო ანსამბლი „გურჯაანი“ 2012 წელს, ცნობილმა ლოტბარმა, ილია დათუაშვილმა დააარსა, ის ხელმძღვანელობს ასევე უფროსების ანსამბლ „გურჯაანს“, რომელიც 25 წელზე მეტია, არსებობს.