„ნიჭიერიდან“ ყველას გახსოვთ ამალია ჯიბლაძე, ქალბატონი, რომელზეც „რუსთავი 2“-ის რეიტინგულმა პროექტმა მთელი საქართველო აალაპარაკა.
ტელეპროექტის დასრულების შემდეგ ამალია, რომელმაც ინტერნეტსივრცის სრული პარალიზება მოახდინა, ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა, მხოლოდ რამდენიმე კონცერტში მიიღო მონაწილეობა.
როგორც გავარკვიეთ, ის ერთი თვე რუსეთში გახლდათ წასული, შემდეგ კი თურქეთში, ორივეგან მღეროდა. ახლა კი კვლავ საქართველოშია, „ფორტუნა რეკორდსში“ ძველ ქართულ სიმღერას ჩაწერს, რომელსაც ექსკლუზიურად „არ დაიდარდოს“ ეთერში მოისმენთ. ამ ცნობილი ქართული სიმღერის ჩაწერა ამალიას მისმა მეგობარმა, მომღერალმა და კომპოზიტორმა, ციური მჭედლიძემ ურჩია.
ამალია ჯიბლაძე:
სამწუხაროდ, „ნიჭიერის“ დასრულების შემდეგ, შემოსავლის წყარო არ მქონდა. მხოლოდ რამდენიმე კონცერტში მივიღე მონაწილეობა. პროექტის დამთავრებიდან ორი თვის შემდეგ დამიკავშირდნენ მოსკოვიდან, შემომთავაზეს კორპორატიულ საღამოზე გამოსვლა და გავემგზავრე. იქ ერთი თვის განმავლობაში დავრჩი და ვმღეროდი ერთ-ერთ რესტორანში. შემდეგ თურქეთში გადავინაცვლე, სადაც ასევე ერთი თვე დავრჩი, იქაც ვმღეროდი.
არ გავჩერებულვარ და არც მინდა გაჩერება. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ხალხი, რომლებიც მხარში ამომიდგნენ. დიდი მადლობა ციური მჭედლიძეს, რომელიც ყველანაირად დამიდგა გვერდზე. მაძლევს რჩევებს ვოკალის მიმართულებითაც, რადგან ქართულ სიმღერას სხვა შესრულება სჭირდება. 20 წელი რუსეთში ვცხოვრობდი, ამიტომაც დამჭირდა ქართული სიმღერის ჩაწერისას დახმარება.
„ფორტუნა რეკორდსში“ რამდენიმე სიმღერის ჩაწერის შესაძლებლობა მოგეცათ. პირველი, როგორც ვიცი, ქართული სიმღერაა.
ერთ-ერთი კინოფილმიდან, რომელიც ყველას ძალიან კარგა ახსოვს, მაგრამ აქამდე არავის უმღერია ხელახლა. ციური მჭედლიძესთან სტუმრად გახლდით და ვფიქრობდით, რა ჩაგვეწერა „ფორტუნა რეკორდსში“. რამდენიმე ვერსია განვიხილეთ, თუმცა ზოგს გათანამედროვება არ მოუხდა, ბოლოს, რადიო „არ დაიდარდოს“ მენეჯერს, გიორგი მშვენიერაძეს დავურეკე და ვუთხარი, რომ ვერაფერი მოვიფიქრეთ, უცბად კი ციურიმ ექსპრომტად წამიმღერა ეს სიმღერა. გიორგისაც ძალიან მოეწონა, მეც და გადავწყვიტეთ მისი ჩაწერა. მინდა, „არ დაიდარდოს“ მსმენელისთვის სიურპრიზი იყოს, ამიტომ არ გავამხელ.
დიდი ენთუზიაზმით ხართ სავსე და მშვენივრად გამოიყურებით. მომავალს როგორ უყურებთ?
უეჭველად ამ გზას მინდა გავყვე, თუმცა სიმართლეს გეტყვით, ეს არ არის ადვილი გზა. მზამზარეული არასდროს არაფერი მოდის. კიდევ კარგი, რომ ბევრი კარგი ადამიანი მყავს გვერდით და ამას არაერთხელ გავიმეორებ. იმედი მაქვს, გამოჩნდებიან კომპოზიტორები, რომლებიც სიმღერებს დამიწერენ. უნდა შევაწუხო ეს ადამიანები (იღიმის).
მინდა, საქართველოში დავრჩე, მიუხედავად შემოთავაზებებისა უცხოეთიდან. ჩემი შვილი მეორე კლასში სწავლობს და მინდა, აქ ისწავლოს, იყოს ქართულენოვანი. საზღვარგარეთ ცხოვრება მეყოფა. ამბობენ, რომ საქართველოში მცირე პერსპექტივაა სიმღერის მხრივ, უცხოეთიდან შემოთავაზებებს მივიღებ, მაგრამ დროებით, ზაფხულობით გავემგზავრები ხოლმე. მინდა, ჩემი შესაძლებლობები აქ გამოვავლინო. მწვანე შუქი „ნიჭიერმა“ მომცა და მხარში ამომიდგა თქვენი რადიო. არ მაქვს უფლება, რომ ამ ყველაფერს ვუღალატო.
ბევრი რამ შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში…
ჩემი ცხოვრება შეიცავალა 50%-ით. „ნიჭიერმა“ ძალიან ტკბილი მოგონებები დამიტოვა. როცა მთხოვენ იმ სიმღერის შესრულებას, რითაც ხალხმა გამიცნო, სულ მახსენდება, როგორ ვიდექი „ნიჭიერის“ სცენაზე. ახლიდან დავიბადე, როგორც ქალი, პირდაპირი გაგებით. ჩემს თავს სხვანაირად ვუყურებ, მათ შორის, სარკეშიც (იღიმის), თავდაჯერება შემემატა. სიმღერა და მუსიკა ჩემს სულსა და გულს კურნავს.
ნინო მურღულია