LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2012 წლის შემდეგ, თუ “ოცნებას” ხმები დააკლდა, ერთადერთი მიზეზი არის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა: ზავრადაშვილი ენმ-ზე

71
ზავრადაშვილი

“თუ 2012 წლის შემდეგ,  “ქართულ ოცნებას” ხმები დააკლდა, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო.” – ამის შესახებ  “ქართული ოცნების” წევრმა ირმა ზავრადაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

როგორც ზავრადაშვილმა და თქვა, რომ დღეს პლენარულ სხდომაზე არაფრის თქმას აპირებდა, მაგრამ ყველაფერმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა.

მისივე თქმით, ის, ვინც 9 წლის განმავლობაში ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული.

მან ენმ-ის დეპუტატებს მიმართა და მოუწოდა – გადავიდნენ კორექტულ ლაპარაკზე და პარლამენტში ყოფნით მოემსახურონ პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებმაც მათ ხმა მისცა:

“არ ვაპირებდი არაფრის თქმას, მაგრამ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა ყველაფერმა. 9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. რანაირი კანონიც არ უნდა წარმოადგინოთ ბატონო ანრი, ყველაფერზე უარს იტყვიან ესენი მარტივად იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა იმ სახის შენარჩუნება, რაც დარჩა ამომრჩეველთან. იმისთვის სჭირდება ამ ჩანაწერის ამოღება აქედან. სახეს ვეღარ შეინარჩუნებთ!

სხვათაშორის, მე თუ რამეზე პრეტენზია მაქვს, მაქვს იმაზე, რომ დღეს ამათ კიდევ ამის უფლება აქვთ. მილიონზე მეტი ადამინი უყურებს ამ სხდომას პირდაპირ ეთერში, ესენი არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი პრეტენზია აქვთ „ქართულ ოცნებასთან“ – რატომ ვაპატიეთ მათ ის, რომ პოლიტიკურ არენაზე ესენი დღეს კიდევ არსებობენ?! ეს არის მთავარი კითხვა. და თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო ამათ. საკმარისია უკვე! გადადით კორექტულ ლაპარაკზე და თქვენი აქ ყოფნა მოემსახუროს ხალხს, პირველ რიგში იმ ხალხს, რომლებმაც თქვენ ხმა მოგცათ, ძალიან გთხოვთ.” – განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.