თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, საერთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მუშაობის პროცესი ცვალებადია. აღნიშნულის შესახებ მან ევროკავშირისგან დაფინანსების შესაძლო შეწყვეტაზე საუბრისას თქვა და ისიც დაამატა, რომ 2012 წლამდე ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ძალიან დაბალ დონეზე იყო.
„აბა თუ გიკითხავთ თქვენ, 2012 წლამდე როგორი იყო ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან?! იყო ძალიან დაბალ დონეზე. ეს არის ყოველდღიური ურთიერთობა. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ესა თუ ის დაფინანსება გვინდა თუ არ გვინდა, რა თქმა უნდა, როცა სესხზეა საუბარი.
2012 წლიდან, ბატონი პრემიერი იყო პრემიერი, როდესაც მივაღწიეთ უმაღლეს ნიშნულს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის. ეს ურთიერთობა გრძელდება დღესაც. აბა რით კეთდება ის მასშტაბური მშენებლობები ინფრასტრუქტურაში, რასაც ჩვენ ვაფინანსებთ?!
რა თქმა უნდა, საერთაშორისო ინსტიტუტების ფინანსებით. სად იყვნენ 2012 წლამდე ეს საერთაშორისო ინსტიტუტები, აბა თუ კითხულობთ. ეს არის ყოველდღიური მუშა პროცესი. ნუ ქმნით ტრაგედიას ამისგან,“ – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „პალიტრანიუსის“ ეთერში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა.
გადაწყვეტილი გვაქვს, ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან თავი შევიკავოთ: ღარიბაშვილი